„სტაბილურობისა და შედეგიანობის მხრივ მოსამატებელი აქვს
Aa
Aa

„სტაბილურობისა და შედეგიანობის მხრივ მოსამატებელი აქვს" - რუბინის ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე

ყაზანის „რუბინის“ ექს-ფეხბურთელმა და ყოფილმა დროებითმა მწვრთნელმა, რომან შარონოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. რუსმა სპეციალისტმა business-gazeta.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და „კვარას“ შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

business-gazeta.ru: „მოდით, რუბინში თქვენ მიერ გაწეული სამუშაო გავიხსენოთ. პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელია გვაინტერესებს. ახლა იგი რუბინის ლიდერია, თქვენ დროს კი 90 წუთი მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა. რატომ თამაშობდა ასე ცოტას ქართველი ფეხბურთელი?“

შარონოვი: „შეგიძლიათ ხვიჩას ჰკითხოთ, ვხედავდი თუ არა მის პოტენციალს და მასთან დააზუსტეთ რაზე ვსაუბრობდით.“

business-gazeta.ru: „რაზე?“

შარონოვი: „ხვიჩას ვეუბნებოდი, რომ დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია, ევროპულ კლუბში მოხვდეს, მაგრამ ამისთვის თავდაუზოგავი მუშაობაა საჭირო და ეს მხოლოდ ბურთთან ურთიერთობას არ ეხება. რატომ თამაშობდა ცოტას? მან ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც გუნდისთვის სასარგებლო არ ყოფილა. ხვიჩას სტაბილურობისა და შედეგიანობის მხრივ მოსამატებელი აქვს.“

business-gazeta.ru: „თქვენ დროს რუბინში დიდი ქართული დიასპორა იყო. კომუნიკაციის მხრივ ეს პრობლემა ხომ არ ყოფილა?“

შარონოვი: „პრობლემები მხოლოდ ხვიჩასთან და ბექა მიქელთაძესთან მიმართებით გვქონდა. ისინი რუსულად საერთოდ ვერ საუბრობდნენ და კომუნიკაცია და ლაპარაკი რთული იყო. დიახ, საფეხბურთო სლენგები არსებობს, მაგრამ ჩემთვის ბევრად მარტივი იყო რუსულად მოსაუბრე ფეხბურთელისთვის ამეხსნა, ქართველებთან მიმართებით კი საქმე რთულად იყო.”

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ „რუბინის“ მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. ყაზანელთა ბოლო მატჩში „კვარამ“ 73 წუთი ითამაშა და ბაკაევს გაატანინა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები