მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი - სანდრომ G ლიგაში გაიბრწყინა
Aa
Aa

მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი - სანდრომ G ლიგაში გაიბრწყინა

„მილუოკი ბაქსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის განვითარების ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. გამთენიისას, „მამუს“ „ვისკონსინ ჰერდი“ „უინდი სითი ბულსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 124-116 დაამარცხა.

მამუკელაშვილმა ვისკონსინელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სანდრომ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და G ლიგაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. „მამუმ“ პარკეტზე 32 წუთი გაატარა და აქტივში 28 ქულა, 6 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება ჩაიწერა.

მამუკელაშვილმა მეტოქის კალათს 16-ჯერ შეუტია და მიზანს 11-ჯერ მიაღწია. სანდრომ 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, 4-დან მხოლოდ 1 საჯარიმო გამოიყენა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, +/--ის გრაფაში +10 დააფიქსირა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილი „ვისკონსინის“ რიგებში საუკეთესო იყო, მასზე მეტი ქულა კი მხოლოდ „უინდი სითის“ კალათბურთელს, ტაილერ ქუკს ჰქონდა, რომელმაც შეხვედრა 30 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა, თუმცა სათქმელია ისიც, რომ მან პარკეტზე 39 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები