დიდი დანაკლისი - თორნიკე შენგელია ესპანეთთან მატჩს გამოტოვებს
Aa
Aa

დიდი დანაკლისი - თორნიკე შენგელია ესპანეთთან მატჩს გამოტოვებს

დღეს, თბილისის დროით, 23:30-ზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს და სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებით, ილიას ზუროსის გუნდი ერთ-ერთი ლიდერის, თორნიკე შენგელიას გარეშე იასპარეზებს.

„სამწუხარო ამბავი საქართველოს ეროვნული ნაკრებში. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ესპანეთთან თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ფეხი უკრაინასთან მატჩში იტკინა, თუმცა იყო იმედი, რომ რეაბილიტაციას შეძლებდა და თორნიკე გუნდს ესპანეთში გაჰყვა.

თავად შენგელიას, რომელიც უკრაინასთან სათამაშოდ მოსკოვიდან ჩარტერული რეისით, ევროლიგის მატჩის დასრულებისთანავე გამოფრინდა, ესპანეთის წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდოდა და ბოლო მომენტამდე ცდილობდა მწყობრში ჩადგომას, მაგრამ ჩვენი ნაკრების ექიმების სამწუხარო ვერდიქტი ესპანელმა მედიკოსებმაც დაადასტურეს: შენგელიას ტრავმირებული ფეხის მდგომარეობა არ იძლევა მისი ესპანეთთან მოედანზე გასვლის საშუალებას“, - წერს კალათბურთის ფედერაცია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამაც გააკეთა: „უკრაინასთან მატჩში თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო, მაგრამ ესპანეთში მაინც ჩვენთან ერთად წამოვიდა, რადგან იმედი გვქონდა, რომ ითამაშებდა. თორნიკემ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა შენგელია პარკეტზე გასულიყო, მაგრამ ტრავმა ისეთი აღმოჩნდა, რომ თოკოს თამაში შეუძლებელია“.

ცნობისთვის, ესპანეთმა პირველი შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 94-65 დაამარცხა. „ფურია როხა“ ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს და საქართველოსთან მატჩში გამოკვეთილი ფავორიტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები