„კონკრეტულ სიტუაციებში უფრო წარმატებულმა გუნდმა მოიგო
Aa
Aa

„კონკრეტულ სიტუაციებში უფრო წარმატებულმა გუნდმა მოიგო" - ბაგაცკისი და ბლიჟნიუკი მატჩის შემდეგ

ფიბას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინა 88-83 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, სტუმრების მთავარმა მწვრთნელმა, აინარს ბაგაცკისმა და კალათბურთელმა ბოგდან ბლიჟნიუკმა პრესკონფერენცია გამართეს და საქართველოსთან ჯახზე ისაუბრეს.

ბოგდან ბლიჟნიუკი

„რთული მატჩი იყო. რამდენიმე მომენტში კონცენტრაცია და დისციპლინა გვაკლდა. შეხვედრის სტარტზე, თად მაკფადენმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და როცა ასეთი კალათბურთელი საკუთარ თავში დარწმუნებულია, მისი მეურვეობა ძალიან ძნელია. ასეთ დროს, მთელი ყურადღება ამ კალათბურთელზე გადაგაქვს და ეს მის თანაგუნდელებს გზას უხსნის. ვფიქრობ, გაქცევების დროს კარგად ვთამაშობდით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში საკმარისი ძალა არ აღმოგვაჩნდა, თუმცა თავი არ უნდა დავხაროთ. რამდენიმე დღეში კიდევ ერთი მატჩი გველის და კონცენტრაცია იმ შეხვედრაზე მოვახდინოთ“.

აინარს ბაგაცკისი

„საქართველოს ნაკრებისგან სწორედ ამას ველოდით და ოთხი კალათბურთელი, რომლებიც მათი ლიდერები არიან, გუნდურად თამაშობენ. დაცვაში და შეტევაში იმას ვაკეთებდით, რაც დაგეგმილი გვქონდა და კარგად ვიასპარეზეთ. გულუბრყვილო არ ვარ და არ მეგონა, რომ წინ მარტივი მატჩი გველოდა. თქვენი კალათბურთელების გამოცდილებისა და დონის გათვალისწინებით, აშკარა იყო, რომ უმძიმესი შეხვედრა გვექნებოდა. დილით გამართული ვარჯიშისას გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მაღალი დავკარგეთ, რადგან მან ტრავმა მიიღო და ამან ჩვენი როტაცია რადიკალურად შეცვალა. ამის გამო, მატჩისას ისეთი სიტუაციები შეიქმნა, რომლებისთვისაც არ ვემზადებოდით და რა თქმა უნდა, რამდენიმე მომენტში შენგელია და შერმადინი დომინირებდნენ. არ მინდა, ვთქვა, რომ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა. ვფიქრობ, მოიგო გუნდმა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციებში უფრო წარმატებული იყო. საქართველოსთან მეორე მატჩიც გველის და ვნახოთ, რა მოხდება. თავი უნდა ავწიოთ და რამდენიმე დღეში კიდევ ერთი სერიოზული მოწინააღმდეგე გველოდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები