„ნაკრების თითოეული წევრით ძალიან ვამაყობ
Aa
Aa

„ნაკრების თითოეული წევრით ძალიან ვამაყობ" - შენგელიასა და ზუროსის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით გახსნა. ილიას ზუროსის ბიჭებმა ურთულეს მატჩში იმარჯვეს და უკრაინას 88-83 სძლიეს. შეხვედრის შემდეგ, ბერძენმა სპეციალისტმა და თორნიკე შენგელიამ პრესკონფერენცია გამართეს და უკრაინასთან მატჩზე ისაუბრეს.

თორნიკე შენგელია

„ძალიან რთული მატჩი გამოდგა და პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც დღევანდელი შეხვედრის სანახავად მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მატჩის მიმდინარეობისას იყო მომენტები, როცა პრობლემები გვქონდა, მდევრის როლში ვიყავით და ენერგია არ გაგვაჩნდა. სწორედ ასეთ მომენტებში, მათი გულშემატკივრობა და ის ფაქტი, რომ ჩვენი ბოლომდე სჯეროდათ ძალიან დაგვეხმარა და დამატებითი ენერგია მოგვცა.

მინდა, უკრაინის ნაკრებსაც მივულოცო, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა, სამწვრთნელო შტაბმა ბრწყინვალე სამუშაო გასწია. ჩემი თანაგუნდელებით, სამწვრთნელო შტაბით, სამედიცინო პერსონალითა და ნაკრების თითოეული წევრით ძალიან ვამაყობ.

რა მაძლევს მოტივაციას, რომ საქართველოს ნაკრებისადმი ასეთი დამოკიდებულება მქონდეს? ჩემი მოტივაცია იგივეა, რაც ბავშვობაში მქონდა. პირველად, როცა საქართველოს ნაკრების თამაში ვნახე, აქ, ამ დარბაზში ვიყავი და სიმართლე გითხრათ, ჩემი პირველი ოცნება არა NBA-ში ასპარეზობა, არამედ საქართველოს ნაკრების რიგებში თამაში იყო. ესაა მოტივაცია, რომელიც იმ დღის შემდეგ მაქვს. არაფერი შეცვლილა და სანამ კალათბურთის თამაში შემეძლება, არაფერი შეიცვლება."

ილიას ზუროსი

„მინდა, თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ მატჩის სანახავად მოვიდა, მადლობა გადავუხადო. კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში რთული ვითარებაა და სამწუხაროდ, სავსე ტრიბუნების წინაშე ვერ ვითამაშეთ და ბევრმა ქომაგმა ეს საოცარი შეხვედრა საკუთარი თვალით ვერ იხილა და ვერ ისიამოვნა. მადლიერი ვარ ჩემი კალათბურთელების, რომლებმაც შესანიშნავი სამუშაო გასწიეს. გუშინ, თოკომ 32 წუთი ითამაშა, ბოლო 2 დღეში მეორე მატჩი გამართა და პარკეტზე სული და გული დატოვა. ბურჯანაძემ და შერმადინმა ბრწყინვალედ იმუშავეს. კალათბურთელებმა, რომლებსაც სეზონის სტარტზე ტრავმები და პრობლემები ჰქონდათ, ჩამოვიდნენ და სული და გული გაიღეს.

მოთამაშეთა გამორჩევა და მათზე ინდივიდუალურად საუბარი არ მჩვევია, მაგრამ ამ შეხვედრაში, რამდენიმე მათგანმა გაცილებით მეტი გაიღო, ვიდრე ამას ველოდით. ახლა უნდა დავისვენოთ და კონცენტრაცია მომდევნო მატჩზე მოვახდინოთ. მშვენივრად მოგვეხსენება, რომ მიზნის მისაღწევად მარათონის გავლა მოგვიწევს და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. პირველ რიგში, მომდევნო ეტაპზე უნდა გავიდეთ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს გამართავს და ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები