გამარჯვება დაძაბულ მატჩში - საქართველომ უკრაინა დაამარცხა
Aa
Aa

გამარჯვება დაძაბულ მატჩში - საქართველომ უკრაინა დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, პირველი შეხვედრა გამართა და უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ბევრი ვინერვიულეთ, თუმცა ყველაფერი ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა და 88-83 ვიმარჯვეთ.

პირველი მეოთხედი ილიას ზუროსის გუნდის უპირატესობით დაიწყო და მთავარი გმირი თად მაკფადენი გახლდათ, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო. ამერიკელ ლეგიონერს მხარი შერმადინმა აუბა და ჩვენებმა პირველი მეოთხედი 28:24 მოიგეს.

მეორე ათწუთეულში ინიციატივას უკრაინის ნაკრები ფლობდა. მეოთხედის სტარტზე სტუმრებმა გაქცევა მოაწყვეს და 7 ქულით დაწინაურდნენ. ზუროსის გუნდმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი, რომელშიც ლიდერი 10-ჯერ შეიცვალა, 45-46 წააგო.

მესამე მეოთხედის სტარტი ისევ სტუმრების იყო და უკრაინა 6 ქულით დაწინაურდა, თუმცა საქართველოს ნაკრები თამაშში მალევე დაბრუნდა. მესამე პერიოდის დასკვნითი წუთები ქულა ქულაში წარიმართა და გადამწყვეტი პერიოდის წინ, ზუროსის გუნდს მეტოქეზე 2-ით ნაკლები ქულა ჰქონდა ჩაგდებული - 64:66.

მეოთხე მეოთხედი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პერიოდის სტარტზე უკრაინა წინ 5 ქულით გაიჭრა, მაგრამ საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და ლიდერობა დაიბრუნა. ზუროსის ბიჭები საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე, 6 ქულით დაწინაურდნენ და უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს.

საქართველოს ნაკრებს თად მაკფადენმა ულიდერა, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 27 ქულა, 4 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გიორგი შერმადინმა აქტივში 23 ქულა, 2 მოხსნა და 4 ასისტი ჩაიწერა. თორნიკე შენგელიამ 16 ქულა და 13 მოხსნა გააკეთა და გადამწყვეტ მომენტებში ჩვენს გუნდს რამდენჯერმე ულიდერა, ბექა ბურჯანაძემ კი შეხვედრა 11 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.

უკრაინის ნაკრებში 16 ქულითა და 12 მოხსნით ვიაჩესლავ პეტროვი გამოირჩა. ჯერომ რენდლმა თავი 15 ქულას, 6 შედეგიან გადაცემასა და 3 მოხსნას მოუყარა. ბოგდან ბლიზნიუკმა 18 ქულა ჩააგდო, ხოლო პავლოვმა 10 ქულა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს გამართავს და ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები