მაკფადენი: „ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა საქართველოში ვბრუნდები და ამ ქვეყანას წარმოვადგენ
Aa
Aa

მაკფადენი: „ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა საქართველოში ვბრუნდები და ამ ქვეყანას წარმოვადგენ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ამერიკელმა კალათბურთელმა, თად მაკფადენმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მომავალ მატჩებზე და მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრა.

„ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა საქართველოში ვბრუნდები და ამ ქვეყანას წარმოვადგენ. პირველმა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა, გუნდში ბევრი ახალი სახეა. ზუსტად იგივე ხდებოდა წინა შეკრებაზეც და ახალმა მოთამაშეებმა მნიშვნელოვან ეპიზოდებში გამოიჩინეს თავი, რაც გვაჩვენებს, რომ საქართველოში კალათბურთი და ახალგაზრდა ტალანტები მაღალ დონეზე არიან. პირველმა ვარჯიშმა, როგორც ვთქვი, კარგად ჩაიარა. მანამდე 14-საათიანი ფრენა მქონდა, მაგრამ არაუშავს. ვარჯიშის მერე წავალ სასტუმროში და თამაშამდე დავისვენებ.

უკრაინა მაღალი და ფიზიკური გუნდია. უნდა ვარბენინოთ და მათ წინააღმდეგ სისწრაფეები გამოვიყენოთ. როგორც უკრაინასთან, ისე ესპანეთთან წინ ნამდვილი ბრძოლა გველის. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტივი მატჩი არაა. ჩვენი მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა. როგორც უკვე ვთქვი, ქართველმა ხალხმა სიყვარული უკვე მანახა და მსურს, რომ ეს ყველაფერი მათ ჩემი თამაშით და გამარჯვებებით დავუბრუნო. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ გავალთ პარკეტზე და ყველაფერს გავაკეთებთ“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ნაკრები უკრაინასთან მატჩით გახსნის, რომელიც ხვალ გაიმართება და თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება. ილიას ზუროსის გუნდი მეორე შეხვედრას ესპანეთთან, 29 ნოემბერს გამართავს.

მომზადებულია 1tv.ge-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები