ჩელსი 4:0 იუვენტუსი - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

ჩელსი 4:0 იუვენტუსი - მატჩის შემდეგ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის მე-5 ტურში ტუხელის გაწვრთნილმა ლონდონის ''ჩელსიმ'' ''სტემფორდ ბრიჯზე'' ალეგრის ტურინის ''იუვენტუსი'' 4:0 გაანადგურა. ანგარიში 25-ე წუთზე ტრევო ჩალობამ გახსნა, 56-ე წუთზე რის ჯეიმსმა ანგარიში ორამდე გაზარდა, 58-ე წუთზე კი ჰადსონ-ოდოიმ გაუტანა ტურინულ გრანდს. მე-5 დამატებულ წუთზე ტიმო ვერნერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, გერმანელი თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, მან პულიშიჩი შეცვალა.

 

 საინტერესო ფაქტები

მესამე შემთხვევაა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში ერთი გუნდის მხრიდან მინიმუმ სამმა ინგლისელმა გოლი გაიტანა. 1998 წელს ბექემმა, კოულმა, ნევილმა და სქოულზმა ''ბრონდბიუს'' შეუგდეს, 2007 წელს კი ''მან. იუნაიტედის'' მხრიდან ''რომას'' კერიკმა, სმიტმა და რუნიმ გაუტანეს.

ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბების ფეხბურთელებიდან მხოლოდ ორმა მოთამაშემ გაიტანა ყველა ტურნირის ჩათვლით მინიმუმ 5 გოლი და შეასრულა მინიმუმ 5 საგოლე პასი. რის ჯეიმსის ანგარიშზე 5 გოლი და 5 საგოლე პასია, ხოლო მო სალაჰმა 16 გოლის გარდა 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

1931 წლის შემდეგ მაიკლ კერიკი პირველი ინგლისელია, რომელმაც ''მან. იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი მოიგო. 1931 წლის ნოემბერში ანალოგიური შედეგი უოლტერ კრიკმერმა აჩვენა.

 

 

ოსკარისა და დანიელ სტარიჯის შემდეგ ტრევო ჩალობა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ''ჩელსის'' სასტარტოში ითამაშა და გოლი გაიტანა. ჩალობამ გოლი 22 წლისა და 141 დღის ასაკში შეაგდო.

''ჩელსი'' - ''იუვენტუსის'' მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ტრევო ჩალობა დასახელდა.

რა თქვა ტომას ტუხელმა მატჩის შემდეგ

''მიმდინარე სეზონში ვცდილობთ ძალების აღდგენასა და გუნდის განახლებას. ეს ზოგჯერ შედარებით გვიადვილდება. ახლა ის შემთხვევაა, როცა გუნდის ფეხბურთელები სრულ ნდობასა და პატივისცემას იმსახურებენ. არ ვუსმენ რასაც ხალხი ჩვენზე საუბრობს, როცა ჩვენი გუნდის დაცვის ხაზს აკრიტიკებენ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ბურთზე კონტროლის მოპოვებასა და საგოლე მომენტების შექმნას, რომ მეტოქის კართან მაქსიმალურად მეტი ხიფათი შევქმნათ.

როცა ასეთი დონის გუნდს 4 გოლს გაუტან და ამასთან ერთად თავს კარგად დაიცავ, ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ. ჩვენ ავაშენებთ ისეთ გუნდს, რომლის წინააღმდეგ თამაშის სურვილი არავის ექნება''.

რა თქვა მასიმილიანო ალეგრიმ მატჩის შემდეგ

''ჩელსი'' ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია და რა თქმა უნდა უძლიერესი გუნდის, ევროპის საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ ვითამაშეთ. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ მეორე ნახევარში დავისაჯეთ. ჩემი ფეხბურთელებით გაბრაზებული არ ვარ, თუმცა მეორე ტაიმში უკეთ უნდა გვეთამაშა''.

5 ტურის შემდეგ H ჯგუფს ლონდონის ''ჩელსი'' 12 ქულით ლიდერობს. ამდენივე ქულაა ''იუვენტუსის'' ანგარიშზე, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ლიდერი ინგლისური კლუბია. ''ზენიტი'' 4 ქულით მესამე საფეხურზეა, ხოლო ''მალმიო'' 1 ქულით აუტსაიდერია.

მე-6 ტურში ''ჩელსი'' ''ზენიტს'' ესტუმრება, ''იუვენტუსი'' კი ''მალმიოს'' უმასპინძლებს. ეს შეხვედრები 8 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მსაჯის შეცდომები გარდაუვალია" - სიმეონე მილანთან მატჩის წინ