ფრე კატალონიაში - ბარსა ბენფიკასთან წაგებას ბოლო წუთზე გადარჩა
Aa
Aa

ფრე კატალონიაში - ბარსა ბენფიკასთან წაგებას ბოლო წუთზე გადარჩა

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი „ბარსელონასა“ და „ბენფიკას“ შორის. კატალონიურმა გრანდმა ლისაბონელებს ვერც მეორე შეხვედრა მოუგო, მაგრამ 1 ქულა აიღო. 90 წუთის შემდეგ ტაბლოზე 0:0 დაფიქსირდა და ჩავის გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

ანგარიშის მიუხედავად, მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და გულშემატკივრებმა ბევრი მომენტი იხილეს. პირველ ტაიმში იუსუფ დემირი გამოირჩეოდა, რომელსაც რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა. პირველ ნახევარში მასპინძლები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და მეტოქეს აღემატებოდნენ.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. „ბენფიკამ“ თამაში გაათანაბრა და კონტრ-შეტევებზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ჩავიმ 66-ე წუთზე მინდორზე ოსმან დემბელე გამოიყვანა. ფრანგი შემტევის გამოსვლის შემდეგ კატალონიელები გააქტიურდნენ და დე ონგს გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, თუმცა ნიდერლანდელ ნახევარმცველს ვლაჰოდიმოსმა აჯობა.

ბოლო წუთები საკმაოდ დრამატული გამოდგა. ბარსა შტურმზე გადავიდა და რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრები კონტრ-შეტევაზე წამოვიდნენ და სეფეროვიჩი ცარიელ კართან აღმოჩნდა. შვეიცარიელ ფეხბურთელს მიზანმა უმტყუნა და ცარიელ კარში გოლი ვერ გაიტანა. ბარსა წაგებას გადარჩა.

სატურნირო ცხრილი და მომავალი ტური

მიუნხენის „ბაიერნი“ 15 ქულით პირველ ადგილზეა და ჯგუფიდან გავიდა. მეორე ადგილზე 7 ქულით „ბარსელონაა“, ხოლო მესამე პოზიციას 5 ქულით „ბენფიკა“ იკავებს. ბოლო ტურში ლისაბონელები შინ უმოტივაციო კიევის „დინამოს“ უმასპინძლებენ, ხოლო „ბლაუგრანა“ „რეკორდმაისტერს“ ესტუმრება.

იმ შემთხვევაში, თუ „ბენფიკა“ თავის მატჩს მოიგებს, ბარსას ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ ერთნაირი ქულების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს პორტუგალიელები მოიპოვებენ, რადგან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები