რეალი კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს - ისკო ატლეტიკოში ან ბარსელონაში გადავა
Aa
Aa

რეალი კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს - ისკო ატლეტიკოში ან ბარსელონაში გადავა

მადრიდის „რეალისა“ და ისკოს გზები იყრება. „სამეფო კლუბმა“ გადაწყვიტა, რომ ალარკონს მომავალ წელს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივოს და ახლა მის თავს სხვადასხვა გუნდებს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას Okdiario ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელს მადრიდის დატოვება არ სურს და „ატლეტიკოში“ გადაბარგებას განიხილავს. ვიგებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველის ოცნება მადრიდში ცხოვრება არის. შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველს „ბლანკოსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება.

რა თქმა უნდა, ფლორენტინო პერესს ისკოს უსასყიდლოდ გაშვება არ სურს და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ადეკვატური შემოთავაზების შემთხვევაში პრეზიდენტი ალარკონს შეელევა. აღსანიშნავია, რომ ესპანელი ნახევარმცველის ფასი 15 მილიონი ევროა.

ცნობილი ჟურნალისტის ხოსეპ პედრეროლის თქმით, ისკომ საკუთარი თავი „ბარსელონასაც“ შესთავაზა. ცნობილია, რომ მადრიდის „რეალში“ გადაბარგებამდე 29 წლის ფეხბურთელი კატალონიური გრანდის დიდი ქომაგი იყო და მესის საპატივცემულოდ საკუთარ ძაღლს არგენტინელი სუპერვარსკვლავის სახელიც კი დაარქვა.

ისკო „რეალში“

ალარკონი „სამეფო კლუბს“ 2013 წლის ზაფხულში „მალაგადან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ისკომ მადრიდის „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 343-ჯერ მოირგო, 52 გოლი გაიტანა, 56 საგოლე გადაცემა შეასრულა და ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო.

ცნობისთვის, მადრიდულ კარიერაში ისკოს საუკეთესო სეზონად 2017/2018 წლების სეზონი ითვლება. იმ პერიოდში ზინედინ ზიდანი ესპანელ ნახევარმცველს გამუდმებით ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა და მის გარეშე „რეალი“ ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები