ატლეტიკო VS მილანი - მატჩის წინ
Aa
Aa

ატლეტიკო VS მილანი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ „მილანს“ უმასპინძლებს. წარუმატებლობის შემთხვევაში „როსონერი“ ჯგუფში ჩარჩება. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ CrystalSport ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„მილანი“

„როსონერი“ „როხიბლანკოსთან“ დაპირისპირებას ცუდ ხასიათზე ხვდება. სტეფანო პიოლის გუნდმა სერია ა-ს ბოლო ტურში „ფიორენტინასთან“ 3:4 წააგო და ეს „მილანისთვის“ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატის ეგიდით პირველი მარცხი იყო. თავისი მატჩი „ნაპოლიმაც“ წააგო და პირველ-მეორე ადგილს კვლავ მილანელები და ნეაპოლელები იყოფენ.

დანაკლისი

„მილანს“ „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ ეყოლება. საქმე კალაბრიას, მენიოს, კასტილეხოს და ანტე რებიჩს ეხება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფიკაიო ტომორის თამაშიც.

რა თქვა პიოლიმ მატჩამდე?

“ატლეტიკო“ დეტალურად შევისწავლეთ. ჩემი გუნდისთვის სტიმულის მიცემა ადვილია. წინ დიდებული მატჩია დიდებული გუნდის წინააღმდეგ. ახლა ჯგუფიდან გასვლის უკანასკნელი შანსი გვაქვს და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მადრიდელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ და მათთან თამაში ადვილი არასდროს არის.

 ჩემპიონთა ლიგაზე უმაღლესი დონის გუნდებს დავუპირისპირდით და ყველამ ნათლად დაინახა, რომ მათთან თანაბრად შეგვიძლია თამაში. სამწუხაროდ ყველა მატჩში რაღაც დაგვაკლდა. „როხიბლანკოსთან“ გამარჯვებისთვის უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ. „ფიორენტინასთან“ წავაგეთ, რადგან დაცვამ და ნახევარდაცვამ სუსტად ითამაშა. იგივე სიმეონეს გუნდთან არ უნდა განმეორდეს.“

„ატლეტიკო“

დიეგო სიმეონეს გუნდმა ლა ლიგის ბოლო ტურში უმძიმეს ბრძოლაში საკუთარ კედლებში „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე ფელიპემ გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. ამ მომენტისთვის მადრიდული გრანდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

დანაკლისი

ტრავმების  და დისკვალიფიკაციის გამო„ჩოლოს“ „მილანთან“ 3 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ ეყოლება. საქმე კირან ტრიპიერს, ჟოაუ ფელიქსს და ფელიპეს ეხება. ამ უკანასკნელმა ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო.

რა თქვა სიმეონემ მატჩამდე?

„“მილანთან“ მატჩში საუკეთესო შემადგენლობის დაყენებას ვეცდები. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ჰყავს. დე პაული „ატლეტიკოს“ კარგად მოერგო, ხოლო ლე მარი კარგ ფორმაშია. იტალიაში გამართულ შეხვედრაში ჩემმა გუნდმა მხოლოდ 20 წუთი იწვალა. დანარჩენ შემთხვევაში ვდომინირებდით და გავიმარჯვეთ. ვნახოთ იგივეს გაკეთებას შეძლებენ თუ არა მილანელები.

ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელო მატჩები არ არსებობს. შეხედეთ ჯგუფში შექმნილ სატურნირო ვითარებას. „მილანთან“ დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდის მთავარი ძალა დაცვითი სისტემაა. ვეცდებით, რომ ჩვენი ძალები შეტევაშიც გამოვავლინოთ. მსაჯების შეცდომები ჩემპიონთა ლიგაზე ხშირად ხდება. ეს გარდაუვალია და მუდამ ასე იქნება.

ამ გუნდების წინა დაპირისპირება „სან სიროზე“

28 სექტემბერს „სან სიროზე“ გულშემატკივრებმა დრამატული მატჩი იხილეს. მასპინძლები რაფაელ ლეაოს გოლით დაწინაურდნენ და 1:0-ს იგებდნენ. 29-ე წუთზე მატჩის არბიტრმა ჯუნეტ ჩაქირიმ კესი მინდვრიდან გააძევა, რასაც თურქი რეფერის კრიტიკა მოყვა. მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ. 84-ე წუთზე ანგარიში ანტუან გრიზმანმა გაათანაბრა, ხოლო დამატებულ მე-7 წუთზე ლუის სუარესმა პენალტის ნიშნულიდან გაისროლა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

სატურნირო მდგომარეობა

4 ტურის შემდეგ „მილანი“ 1 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო „ატლეტიკო“ 4 ქულით მესამეზე. პირველ პოზიციას 12 ქულით „ლივერპული“ იკავებს, ხოლო 5 ქულით „პორტუ“ მეორე ადგილზე მოგვევლინა. ამ სიტუაციიდან გამომდინარე „როხიბლანკოსაც“ და „როსონერისაც“ გამარჯვება სჭირდება. მატჩი 24 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები