გოგას 6 წუთი დაუთმეს - ინდიანამ ჩიკაგო გაანადგურა
Aa
Aa

გოგას 6 წუთი დაუთმეს - ინდიანამ ჩიკაგო გაანადგურა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ზედიზედ მეორედ იმარჯვა. „ნიუ ორლეან პელიკანსის“ დამარცხების შემდეგ, ქართველი კალათბურთელის გუნდი „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდა და „ხარები“ 109-77 გაანადგურა.

„ინდიანა“ უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა. „პეისერსმა“ პირველი ტაიმი 21 ქულით მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქეზე 11-ით მეტი ქულა ჩააგდო და აღსანიშნავია ისიც, რომ რიკ კარლაილის ბიჭებმა ყველა მეოთხედი მოიგეს.

„ჩიკაგოსთან“ მატჩში გოგამ მცირე სათამაშო დრო მიიღო. ბითაძემ პარკეტზე 6 წუთი და 44 წამი გაატარა და მხოლოდ 5 მოხსნას დასჯერდა. გოგამ 2-ჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და კარიერაში, მოწინააღმდეგის ფარზე მეასე მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ჩიკაგოელთა კალათს 5-ჯერ შეუტია, მაგრამ მიზანს ვერც ერთხელ მიაღწია და 1 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

„ჩიკაგოს“ დამარცხების შემდეგ, „ინდიანას“ 8 მოგება და 11 წაგება აქვს. „პეისერსი“ პლეიოფის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის და დღევანდელი მონაცემებით, აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებს. „ინდიანა“ მომდევნო შეხვედრას 25 ნოემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „ლეიკერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები