ჩელსი VS იუვენტუსი - მატჩის წინ
Aa
Aa

ჩელსი VS იუვენტუსი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა, რომელიც საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. „ჩელსი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საინტერესო და საჭირო სიახლეს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება ტურინში გაიმართა მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

„იუვენტუსი“

ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურს კარგ ხასიათზე ხვდება. „ბებერმა ქალბატონმა“ სერია ა-ს უკანასკნელ ტურში სტუმრად რომის „ლაციო“ ბონუჩის დუბლის წყალობით დაამარცხა, თუმცა სატურნირო ცხრილში სიტუაცია მაინც ცუდად არის. ალეგრის გუნდი 13 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-8 ადგილზეა.

დანაკლისი

ამ მხრივ მასიმილიანო ალეგრის პრობლემები აქვს. ტურინულ გრანდს „ჩელსის“ წინააღმდეგ კიელინი, ბერნარდესკი, დანილო, დეშილიო და რემზი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დიბალას თამაში, რომელმაც ტრავმა სულ ახლახანს მოიშუშა და ვარჯიში გუშინ დაიწყო.

ალეგრი მატჩის წინ:

„ხვალ იმ გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რომელიც პრემიერ ლიგაში ლიდერია, გასულ წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ახლა ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძვის. აქედან გამომდინარე ძალიან რთულ დაპირისპირებას ველოდები.  დანილო 2 თვით გამოგვაკლდა, მაგრამ კულუსევსკი მზად არის. დიბალამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და განაცხადში იქნება.

ჩვენი თამაში უნდა გავაუმჯობესოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ბევრ სახიფათო მომენტს ვქმნით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში შეცდომას მაინც ვუშვებთ. ძირითადში კინი ან მორატა იქნება, ან შესაძლოა ორივე ერთად. ლუკაკუს გარეშე „ჩელსი“ უფრო სწრაფ ფეხბურთს თამაშობს. ბელგიელის დანაკლისი ჩვენი დაცვის სისტემის სხვანაირ მომზადებას ნიშნავს.“

„ჩელსი“

„არისტოკრატები“ „იუვენტუსთან“ დაპირისპირებას კარგ ხასიათზე ხვდებიან. ტომას ტუხელის გუნდი პრემიერ ლიგას ლიდერობს და უკანასკნელ ტურში სტუმრად „ლესტერი“ 3:0 დაამარცხა. თავი რუდიგერმა, კანტემ და პულიშიჩმა გამოიჩინეს.

დანაკლისი:

ამ ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ, „არისტოკრატებს“ კაი ჰავერცი არ ეყოლება და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლუკაკუს თამაში. ბელგიელმა თავდამსხმელმა ტრავმა მოიშუშა და პაუზის შემდეგ პირველად გუშინ ივარჯიშა. ტუხელის თქმით, რომელუს თამაში მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყდება.

ტუხელი მატჩის წინ:

„რომელუ ლუკაკუმ გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ არ ვიცი ითამაშებს თუ არა. მისი მდგომარეობა უკეთესია, თუმცა მას ახლა ექიმებთან აქვს კონსულტაცია. ყველაფერს მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიგებთ. ჟორჟინიო მწყობრშია და ითამაშებს. ჰავერცს ბარძაყის სახსრის პრობლემა აქვს და განაცხადში არ იქნება.

გარისკვას არ ვაპირებთ. გამარჯვებას მაქსიმალურად ვეცდებით და ამისთვის მთელს ჩვენს გამოცდილებას, ხარისხს და კლასს გამოვიყენებთ. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვინდა და აქედან გამომდინარე „იუვენტუსი“ უნდა დავამარცხოთ.“

სატურნირო ცხრილი

4 ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს 12 ქულით „იუვენტუსი“ ლიდერობს, ხოლო „ჩელსი“ 9 ქულით მეორე ადგილზეა. ცნობისთვის, „არისტოკრატების“ და „ბებერი ქალბატონის“ ხსენებული დაპირისპირება 23 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები