„მეტოქეებისთვის კოშმარია, ესპანეთის ნაკრებს გააწამებს
Aa
Aa

„მეტოქეებისთვის კოშმარია, ესპანეთის ნაკრებს გააწამებს" - El Mundo შერმადინზე წერს

ესპანურმა გამოცემამ, El Mundo-მ „ლენოვო ტენერიფეს“ ქართველ ცენტრს, გიორგი შერმადინს სტატია მიუძღვნა. ნოემბრის ბოლოს, ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებს საქართველოსთან აქვს სათამაშო და El Mundo „შერმინატორს“ „ფურია როხას“ მთავარ საფრთხეს უწოდებს.

„გიორგი შერმადინს თმაში ჭაღარა შეერია, მალე 33 წლის გახდება და 5 წელია ლიგა ენდესაში დომინირებს. იმის გამო, რომ შერმადინი 217 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე მისტერ ბინს ჰგავს, ან იმის გამო, რომ წარმოადგენს ეპოქას, როცა გიგანტები მეფეები იყვნენ, ქომაგებს, რომლებიც თანამედროვე კალათბურთში მიმდინარე მოვლენებთან არც თუ ისე ახლოს არიან, მისი დაფასება უჭირთ. 2019 წლის შემდეგ, გიორგი ტენერიფეს გული და ლიგა ენდესას მოქმედი MVP-ია.

იგი კანარიელების შუქურაა, რომელიც დიად კალათბურთელებს იწვევს და მეტოქე გუნდის მწვრთნელებს ყველაზე მეტ თავსატეხს უჩენს. შერმადინი პიკ ენდ როლების ოსტატია, ნახევარკაუჭს შესანიშნავად იყენებს და მიუხედავად იმისა, რომ ტელეეკრანებზე მისი მოძრაობები ნელი ჩანს, სამწამიანში უბრალოდ ცეკვავს. გიორგის რეპერტუარში სამქულიანი არაა და გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე მაღლებისთვის სამიანის ქონა აუცილებელი რამაა, შერმადინს დიდი სამუშაოს გაწევა მოუწია, რათა გრძელი კარიერა ჰქონოდა.

გიორგი 20 წლისაც არ იყო, როცა პანათინაიკოსთან ერთად ევროლიგა მოიგო და იმავე ტიტულს ოლიმპიაკოსის რიგებშიც დაეუფლა, თუმცა 2010 წლის შემდეგ, იგი თავისი ადგილის ძიებაშია. მან ოლიმპიას, კანტუს, მაკაბის, ოლიმპიაკოსის, სარაგოსას, ისევ ოლიმპიაკოსის, ისევ კანტუს, ანდორას, უნიკახასა და ტენერიფეს რიგებში იასპარეზა.

სეზონის სტარტზე შერმადინმა ზურგი დაიზიანა და ტენერიფეში განგაშის ხმა გაისმა. ცნობილი გახდა, რომ იგი 5-6 კვირას გამოტოვებდა და კლუბმა მისი შემცვლელი დაიმატა. შერმადინი ნოემბრის დასაწყისში დაბრუნდა და რამდენიმე მატჩი დასჭირდა, რათა ადაპტაცია გაევლო, გასულ უქმეებზე გამართულ დერბიში კი საკუთარი თავი წარმოაჩინა. პარკეტზე გატარებულ არასრულ 23 წუთში, მან 25 ქულა ჩააგდო, კალათისთვის არც ერთი ბურთი აუცილებია, 10 მოხსნა ჰქონდა და მის წინააღმდეგ 10-ჯერ დაჯარიმდნენ, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 41 გახლდათ.

დიდი ხანია ტენერიფე სიურპრიზი და მოულოდნელობა აღარაა. ვიდორეტას გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტია და ამას სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობაც მოწმობს. კლუბს შესანიშნავი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, მარსელინიო უერტასსა და გიორგი შერმადინს კი შესანიშნავი ქიმია აქვთ. ეს უკანასკნელი მეტოქეებისთვის ნამდვილი კოშმარია და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ნაკრებს გააწამებს“, - წერს El Mundo.

შეგახსენებთ, რომ „ტენერიფეს“ 8 მოგება და 3 წაგება აქვს და მხოლოდ „ბარსელონასა“ და „რეალს“ ჩამორჩება. შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს გამართავს და „მანრესას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები