ლებრონმა მეტოქეს სახეში ჩაარტყა და გააძევეს - დეტროიტის ცენტრმა ჯეიმსზე რამდენჯერმე გაიწია
Aa
Aa

ლებრონმა მეტოქეს სახეში ჩაარტყა და გააძევეს - დეტროიტის ცენტრმა ჯეიმსზე რამდენჯერმე გაიწია

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი, ლებრონ ჯეიმსი „დეტროიტთან“ მატჩში პარკეტიდან გააძევეს. მესამე მეოთხედის დასრულებამდე დაახლოებით 9 წუთით ადრე, კალიფორნიელთა ლიდერმა „პისტონსის“ ცენტრს, აიზეია სტიუარტს სახეში ჩაარტყა და მეტოქე დაასისხლიანა.

ლებრონის ქმედების შემდეგ, ვითარება დაიძაბა და სტიუარტმა ჯეიმსისკენ გაიწია. „პისტონსის“ კალათბურთელის გაჩერება მის თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს რამდენჯერმე მოუწიათ და საბედნიეროდ, ინციდენტს სერიოზული გაგრძელება არ მოჰყოლია.


მომხდარის გამო მსაჯებმა ორივე კალათბურთელი გააძევეს და მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა. სტიუარტისა და ლებრონის დაპირისპირებამდე, „დეტროიტი“ 78-66-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 116-121 წააგო.

მატჩის შემდეგ, ინციდენტს „ლეიკერსის“ კალათბურთელი, ენტონი დევისი გამოეხმაურა და განაცხადა: „ყველამ იცის, რომ ლებრონ ჯეიმსი ბინძური მოთამაშე არაა. როგორც კი ლებრონი მიხვდა, რომ მეტოქეს სახეში ჩაარტყა, მას შეხედა და უთხრა: „ბოდიში, არ მინდოდა, ეს გამეკეთებინა“. არ ვიცი, სტიუარტს რა სურდა, მაგრამ ამას ლეიკერსის არც ერთი კალათბურთელი არ დაუშვებდა. მსგავსი რამ არასდროს მინახავს და ჩვენს ძმას აუცილებლად დავიცავდით. არ ვიცი, რას აპირებდა, მაგრამ ვიცი, რომ არაფერს დავუშვებდით“.

სხვათა შორის, ჯეიმსი კარიერაში მეორედ გააძევეს. პირველად ეს 2017 წელს, არბიტრებთან კამათის გამო მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები