პრესკონფერენციას შემდეგ კვირაში გამართავს - აგუერო კარიერას ასრულებს
Aa
Aa

პრესკონფერენციას შემდეგ კვირაში გამართავს - აგუერო კარიერას ასრულებს

სერხიო აგუერომ უკანასკნელი მატჩი „ალავესის“ წინააღმდეგ გამართა და მინდვრიდან 42-ე წუთზე გულის ტაქიკარდიის გამო გაიყვანეს. არგენტინელი თავდამსხმელის შესახებ გავრცელდა ცნობები, რომ გულის პრობლემების გამო შესაძლოა კარიერა დაასრულოს.

„ბარსელონას“, მედიკოსებს და მთლიანად მსოფლიო ფეხბურთის წარმომადგენლებს იმედი ჰქონდათ, რომ კუნის მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი იმაზე რთულად არის ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

ესპანელმა ჟურნალისტმა ხერარდ მორენომ „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გულშემატკივრებს ამცნო, რომ აგუერომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ამის შესახებ თავად ფეხბურთელი მომავალ კვირაში პრესკონფერენციას გამართავს.

აგუეროს კარიერა

არგენტინელმა თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერაში პირველი ნაბიჯები სამშობლოში, კონკრეტულად კი „ინდეპენდიენტეში“ გადადგა. 2006 წელს სერხიო ფეხბურთის სათამაშოდ ევროპაში წავიდა და მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორმა მოირგო. გულშემატკივრებმა კუნი სწორედ „როხიბლანკოდან“ გაიცნეს.

მადრიდული კარიერის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ ჯერი დადგა, სადაც 33 წლის შემტევმა ფეხბურთის  და „ქალაქელების“ ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. აგუერომ მანჩესტერულ გრანდში 10 წელი დაჰყო და გულშემატკივრებს თავი არაერთი ულამაზესი და მნიშვნელოვანი გოლით დაამახსოვრა.

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აგუერო კატალონიის „ბარსელონაში“ გადავიდა სათამაშოდ, თუმცა ბევრი დრო არ მიეცა. დღემდე სერხიომ „ბლაუგრანას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 5-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

ჯამში აგუერომ საკლუბო დონეზე 685 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 386 გოლი გაიტანა. 386 გოლიდან ყველაზე მეტი სერხიომ(260) „მანჩესტერ სიტის“ რიგებში გაიტანა. ყველას კარგად გემახსოვრებათ არგენტინელი თავდამსხმელის გოლი „ქუინს პარკის“ კარში 2012 წელს. მისი გოლით „მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები