გორში სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა იგეგმება
Aa
Aa

გორში სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა იგეგმება

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია და “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი”, გორში, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს.

ამასთან დაკავშირებით, ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ კახაბრიშვილი და ვიცე პრეზიდენტი, ხათუნა საგანელიძე, რომელიც “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” პროფესორია სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის განხრით, დღეს, გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს შეხვდნენ.

ასოციაცია გეგმავს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრები დააარსოს მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა როგორც მაღალი მიღწევების სპორტსმენებმა, ასევე მოზარდებმა, დედაქალაქში ჩამოსვლის გარეშე, ადგილზე მიიღონ საჭირო მომსახურება.

“ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი” თბილისში სპორტული მედიცინის სარეაბილიტაციო ცენტრს აშენებს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ ექნება, თუმცა, ყველა თბილისში ვერ მოიყრის თავს, ეს ძალიან რთულია და ჩვენი მიზანია, სერვისი შევთავაზოთ ნებისმიერი ასაკის სპორტსმენებს და არა მხოლოდ მათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. იცით, რომ გორი სპორტული ქალაქია. აქ ძალიან უყვართ განსაკუთრებით საჭიდაო სახეობები, ქალაქს ჰყავს საფეხბურთო გუნდები და აკადემიები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ადგილზე ჰქონდეს მოსახლეობას საჭირო და მაღალხარისხიანი სერვისის მიღების საშუალება. გორიდან დავიწყეთ სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით. ადგილზე გარკვეული სამუშაოები უკვე ჩავატარეთ, რაც საშუალებას მოგვცემს, უკვე ახლო მომავალში სარეაბილიტაციო ცენტრი სრული დატვირთვით ავამუშაოთ”, - განაცხადა ხათუნა საგანელიძემ.

“დღეს შევხვდით გორის მერს, ლადო ხინჩეგაშვილს, რომელმაც აქტიურ კარიერას სულ ცოტა ხნის წინ დაანება თავი და გადაწყვიტა, იზრუნოს თავის ქალაქზე უკვე სხვა პოზიციიდან. ვის თუ არა მას, ყველაზე კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტული მედიცინის სარეაბილიტაციო ცენტრის არსებობა გორში. ცენტრი, რომელიც მალე დაიწყებს ფუნქციონირებას, შეამოწმებს სპორტსმენებს, პატარა ასაკიდანვე, რაც საშუალებას მოგვცემს, ზუსტად განვსაზღვროთ, ვის როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და ვისთვის იქნება უკეთესი იჭიდაოს, ან ფეხბურთი ითამაშოს და ა.შ ფეხბურთელი, რომელიც მიიღებს ტრავმას, არ მოუწევს რეაბილიტაციაზე სიარული თბილისში და ცენტრი შესთავაზებს სრულ მომსახურებას ადგილზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან” ერთად ამ პროექტის განხორციელებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს”, - განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაისაშვილი: ,,განვლილ შეხვედრაში მსაჯობის მიმართ კონკრეტული კითხვები გვქონდა
მაისაშვილი: ,,განვლილ შეხვედრაში მსაჯობის მიმართ კონკრეტული კითხვები გვქონდა"