სტეფის 9 სამქულიანი - გოლდენ სტეიტმა ბრუკლინი დაამარცხა
Aa
Aa

სტეფის 9 სამქულიანი - გოლდენ სტეიტმა ბრუკლინი დაამარცხა

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ მიმდინარე სეზონში მე-12 გამარჯვება მოიპოვა. „მეომრებმა“ ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი, „ბრუკლინ ნეთსი“ უშანსოდ დაამარცხეს და მეტოქეს 117-99 სძლიეს.

გამარჯვებულის ბედის გასარკვევად საწყისი სამი მეოთხედი საკმარისი აღმოჩნდა. ასე თუ ისე თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, „გოლდენ სტეიტმა“ მე-3 მეოთხედი 35-18 მოიგო და გადამწყვეტ პერიოდს 22-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. „ნეთსის“ თავკაცმა, სტივ ნეშმა სათადარიგოთა სკამის კალათბურთელები პარკეტზე შეხვედრის დასრულებამდე 9 წუთით ადრე შეუშვა და მარცხი აღიარა.

„გოლდენ სტეიტს“ სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 29 წუთი და 14 წამი ითამაშა და აქტივში 37 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. სტეფმა 9 სამქულიანი ჩააგდო და 30 წუთზე ნაკლებ დროში მინიმუმ 35 ქულა კარიერაში მეხუთედ გააკეთა. სამქულიანის შემოღების შემდეგ, NBA-ში ამაზე უკეთესი მაჩვენებელი არავის აქვს. სტეფს 19 ქულით ენდრიუ უიგინსი დაეხმარა, ხოლო ჯორდან პულს 17 ქულა ჰქონდა. „ბრუკლინის“ რიგებში 24 ქულით საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო. კევინ დურანტმა 19 ქულა ჩააგდო, ხოლო ბრიუს ბრაუნმა მატჩი 14 ქულით დაასრულა.

„გოლდენ სტეიტის“ ანგარიშზე 12 მოგება და 2 წაგებაა. „მეომრები“ დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილს იკავებენ და მომდევნო მატჩი „კლივლენდთან“ ელით. „ბრუკლინი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამეა და „ნეთსის“ შემდეგი გაჩერება ასევე „კლივლენდია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები