გოგა ინდიანას დაუბრუნდა - 5 ქულა, 2 მოხსნა და 3 დაფარება ნიქსის წინააღმდეგ
Aa
Aa

გოგა ინდიანას დაუბრუნდა - 5 ქულა, 2 მოხსნა და 3 დაფარება ნიქსის წინააღმდეგ

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსის“ 2-შეხვედრიანი წაუგებელი სერია „ნიუ იორკ ნიქსთან“ შეწყდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მატჩის საწყისი 3 მეოთხედი კარგად ჩაატარა და ბოლო თორმეტწუთეულს 5-ქულიანი უპირატესობით შეხვდა, თუმცა გადამწყვეტი პერიოდი 10-23 წააგო და საბოლოოდ, 84-92 დამარცხდა.

ბითაძე, რომელმაც „ფილადელფიასთან“ გამართული მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა, გუნდს დაუბრუნდა და პარკეტზე 16 წუთი და 29 წამი გაატარა. ამ დროში, გოგამ 5 ქულა, 2 მოხსნა (ერთი მეტოქის ფარზე), 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი გააცუდა, ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური ფოლი მიუღია.

„ინდიანას“ რიგებში ყველაზე მეტი, 22 ქულა მალკოლმ ბროგდონმა ჩააგდო. დომანტას საბონისს 21 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა, ხოლო კარის ლევერტმა მატჩი 17 ქულით დაასრულა. „ნიუ იორკს“ 16-16 ქულით უოკერმა და ქუიკლიმ ულიდერეს. დერიკ როუზს 14 ქულა ჰქონდა, ხოლო ჯულიუს რენდლი 11 ქულას დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანას“ 6 მოგება და 9 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას „დეტროიტთან“ გამართავს და „პისტონსს“ 18 ნოემბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები