პირველი ოფიციალური ძიუდოს ფან კლუბი საქართველოში - IJF-ის სტატია ქართველ ქომაგებზე
Aa
Aa

პირველი ოფიციალური ძიუდოს ფან კლუბი საქართველოში - IJF-ის სტატია ქართველ ქომაგებზე

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა, IJF.org-მა ქართული ძიუდოს ოფიციალურ ფან კლუბს სტატია მიუძღვნა, რომელშიც მისი შექმნის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

***

„საქართველო ერთ-ერთი დომინანტი ქვეყანაა, როცა საქმე ძიუდოს ეხება და ქართველი ქომაგები სოციალურ ქსელებში აქტიური არიან. მათ ძიუდო ძალიან უყვართ და გამომდინარე აქედან, გასაკვირი არაა, რომ ქვეყანაში პირველი ოფიციალური ძიუდოს ფან კლუბიც შეიქმნა. 2021 წლის 5 მაისს, „საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა ფან კლუბმა“ საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციასთან მემორანდუმი გააფორმა და მხარეები ძიუდოს საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიურ თანამშრომლობას მოუთმენლად ელიან.

ფან კლუბის დაარსების ინიციატივის ავტორი ძიუდოს 5 ქართველი ქომაგი გახლავთ: ლაშა დემეტრაშვილი, კობა დემეტრაშვილი, გელა ძაბილაშვილი, მალხაზ კაციაშვილი და გურგენ ონიანი. რეალურად, ფან კლუბი 2020 წელს დაარსდა, დღესდღეობით კი 50 წევრი ჰყავს და სტაბილურად ვითარდება.

„ჩვენი მიზანია რეგიონალური ორგანიზაცია გავხდეთ. პირველ რიგში, გვინდა, ამ ფან კლუბის განშტოებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გავხსნათ და საერთაშორისო კონტაქტები გვქონდეს. იმედი გვაქვს, ეს ინიციატივა უფრო და უფრო ფართო მასშტაბის გახდება, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აიტაცებენ და სხვა ფან კლუბებთან მჭიდრო ურთიერთობა გვექნება. ჩვენი აზრით, ეს ძიუდოს პოპულარობის გაზრდას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ფან კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

საქართველოში დაარსებული ფან კლუბის წევრებს შანსი აქვთ, საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს დაესწრონ და ბრენდირებული ეკიპირება შეიძინონ.

„ახალგაზრდებს შორის ძიუდო უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ამ სპორტს თვალს ბევრი ახალგაზრდა ადევნებს. ქართული ძიუდო უმაღლეს დონეზე იმიტომაა, რომ ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი გვყავს, მაგრამ ძიუდოს ტურნირების რეიტინგი და დასწრება საფეხბურთო მატჩების რეიტინგსა და დასწრებაზე დაბალია. ქართველმა ქომაგებმა მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიური თამაშების შესახებ ყველაფერი იციან, მაგრამ სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირები პოპულარობით არ სარგებლობს. ჩვენი მიზანი ძიუდოს მიმართ ინტერესის გაზრდაა“, - განაცხადა ფან კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

ორი აზრი არაა, რომ საქართველოში ძიუდოს მიმართ ენთუზიაზმით არიან განწყობილი და ეროვნული ნაკრების შედეგები მათ ამ სპორტისადმი ინტერესის გაზრდაში დაეხმარებათ“, - წერს IJF.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები