Aa
Aa

"ეს არის დიდი გამარჯვებების დასაწყისი" - ტრავმირებული გურულის ემოციური განცხადება

კრივის მსოფლიოს ჩემპიონატი ლაშა გურულისთვის წარმატებული გამოვიდა, ჩვენი მოკრივე ნახევარფინალში გავიდა, რაც გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს ნიშნავს, თუმცა უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ტრავმის გამო ვეღარ შეძლო. სამწუხაროდ მისი ნახევარფინალური დაპირისპირება არ შედგება და სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდება.

რაც შეეხება ნახევარფინალამდე განვლილ გზას, პირველ წრეში ლაშამ ბაჰამის კუნძულების წევრს რაშიდ ვიალიამსს აჯობა, ხოლო მეორე წრეში სლოვაკ მიქაელ ტაკაჩს მოუგო, მერვედფინალში ინდოელი მეტოქე მოსლიმ მალ ამირი მაგშუდი იოლად დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში კუბელ კევინ ბაზერ ბრაუნს სძლია.

გამარჯვების შემდეგ ლაშა გურულმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა :

„შემიძლია გითხრათ,რომ გუშინდელი ბრძოლა,ყველაზე რთული გამოდგა ჩემი კარიერის განმავლობაში.შეუძლებელია ამ ემოციების დამალვა,რომელიც კუბის წარმომადგენელ,უძლიერეს მოკრივესთან გამარჯვების შედეგად განვიცადე.როგორც იცით,აღნიშნული გამარჯვებით, მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გავინააღდე მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე. ამაყი ვარ,რომ 49 მონაწილე ქვეყანას შორის,ჩვენს საქართველოს მესამე ადგილი მოვუპოვე.როგორც იცით, მიმდინარე ჩემპიონატზე 4 ბრძოლა გავმართე და ოთხივე წარმატებით დავასრულე,თუმცაღა სამწუხაროდ, გუშინდელ ბრძოლაში მიღებული ტრავმის გამო,რომელიც თავით შეჯახებისას მივიღე, ვეღარ ვაგრძელებ ასპარეზობას. არადა დარწმუნებული ვარ,რომ ტურნირის უდავო ლიდერის დამარცხების შემდეგ, მსოფლიო ჩემოიონობის რეალური შანსი მქონდა.მინდა ჩემს გულშემატკივრებს დარწმუნებით ვუთხრა,რომ ეს არის დიდი გამარჯვებების დასაწყისი,როგორც კი სრულად გავივლი რეაბილიტაციას, აქტიურად გავაგრძელებ ახალი გამარჯვებებისკენ სწრაფვას. მთელი გულით მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს გულშემატკივარს,აქტიური თანადგომისა და გამოცხადებული ნდობისთვის.თქვენი თანადგომა ჩემთვის ძალიან ღირებული და ფასეულია.ასევე დიდ მადლობას ვუხდი კრივის სამწვრთნელო შტაბს“ - წერს გურული

შეგახსენებთ, გურულის მსგავსად ბრინჯაოს მედალი საქართველოს სახელით მოასპარეზე კიდევ ერთმა მოკრივემ, სახილ ალახვერდოვმა გაინაღდა, რომელმაც მეოთხედფინალში ყირგიზი მირლან ტურკბაი დაამარცხა.

ალახვერდოვი ნახევარფინალში ტაილანდელ ვუტიჩაი იურიჩაის დაუპირისპირდება. ეს ბრძოლა 4 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები