Aa
Aa

"მხოლოდ გამარჯვება განიხილება" - პოჩეტინო მარსელთან მატჩის წინ

ლიგა 1-ის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „მარსელი“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა პოჩეტინომ?

„ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან ატმოსფერო ჩვენს წინააღმდეგ იქნება. ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად იცნობს. ადვილი შეხვედრა არცერთი კლუბისთვის არ იქნება. ჩვენ სამი ქულისთვის ვითამაშებთ, მაგრამ ასევე ღირსებისთვის და სიამოვნებისთვისაც. მოგების გარდა სხვა არცერთი შედეგი არ განიხილება.

„მარსელი“ სწრაფი გუნდია, რომელიც კონტრ-შეტევებზე აგებს საკუთარ თამაშს. იმედი მაქვს, მატჩში მხოლოდ ჩვენი სტილი იქნება დომინანტური. გამარჯვება გულშემატკივრებს მიეძღვნება. ატმოსფეროსი არ გვეშინია. იმედი მაქვს, რაც პირველ მატჩში მოხდა აღარ განმეორდება და ფეხბურთს თავისუფლად ვითამაშებთ.“

რა მოხდა წინა სეზონის მატჩში?

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის გასული სეზონის მეორე ტურში ერთმანეთს "პარი სენ ჟერმენი" და "მარსელი" დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმრებმა 0:1 მოიგეს, მაგრამ მთავარი ეს არ ყოფილა. შეხვედრის მიწურულს მინდორზე ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. მოვლენების ეპიცენტრში ნეიმარი და ალვარო გონსალესი ფიგურირებდნენ.

არბიტრმა ორივე მათგანი გააძევა და სტადიონის დატოვების დროს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა მე-4 მსაჯს განუმარტა, რომ გონსალესმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. კონკრეტულად კი მას "ბინძური მაიმუნი" დაუძახა.

ამის საპასუხოდ "მარსელმა" საკუთარ ვებ-საიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ აქვთ უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ თავად ნეიმარმა მიაყენა მათ ფეხბურთელს რასისტული შეურაცხყოფა, მაგრამ რეალური ფაქტები არავის უნახავს.

საბოლოოდ ასეც მოხდა, მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, ორივე ფეხბურთელი გამართლდა და არანაირი სასჯელი არ დაეკისრათ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები