Aa
Aa

"მილანმა" ქულა გადაარჩინა და ისევ ფრე "მადონინაში"

სერია ა-ს 32-ე ტური მილანური დერბით გაიხსნა, რომელშიც "ინტერმა" და "მილანმა" ისევ ფრედ ითამაშეს, თანაც იმავე ანგარიშით, რომელიც პირველ წრეში დაფიქსირდა. 

მატჩი "როსონერის" აქტიურობით დაიწყო, თუმცა მონტელას ბიჭებმა რამდენიმე მომენტი გააფუჭეს, რისთვისაც დაისაჯნენ - ჯერ კანდრევამ შეაგდო, ხოლო შემდეგ იკარდიმ და "ნერაძურიმ" პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. 

"მილანმა" ბრძოლა განაგრძო და მწვავე მომენტებიც შექმნა. ეს ყველაფერი კი მას მაინც დაუფასდა და თამაშის ბოლო 10 წუთში მეტოქეს 2 გოლი გაუტანა.

83-ე წუთზე სუსოს გადაცემის შემდეგ რომანიოლიმ ერთი ბურთი გაქვითა, რამაც გუნდი თამაშში დააბრუნა. 

გადამწყვეტი მომენტი 97-ე წუთზე დადგა, როცა ფლანგზე დელოფეუს აქტიურობამ "მილანს" კუთხურის ჩაწოდების უფლება მოუტანა. სტანდარტიდან ჩაწოდებულზე ბაკამ ითამაშა და ბურთს მიმართულება შეუცვალა, ხოლო უკანა ძელთან ჩასაფრებულმა საპატამ აკრობატულ ნახტომში ურთულესი სიტუაციიდან შეაგდო და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. 

შედეგად, ამ გუნდებს შორის სტატუს-ქვო შენარჩუნებულია. "მილანი" 58 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, მას 2 ქულით "ინტერი" ჩამორჩება, რომელიც მეშვიდეა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები