„შტურმის გულია
Aa
Aa

„შტურმის გულია" - ავსტრიული ფეხბურთის ლეგენდა კიტეიშვილზე

ხუთშაბათს, თბილისის დროით 23:00-ზე, „შტურმისა“ და „სოსიედადის“ დაპირისპირებას ვიხილავთ. მატჩამდე ესპანური გამოცემა, Noticiasdegipuzkoa ავსტრიული ფეხბურთის ლეგენდას, ტონი პოლსტერს ესაუბრა. ამ უკანასკნელმა კომენტარი „შტურმისა“ და „სოსიედადის“ შეხვედრაზე გააკეთა და გრაცელთა ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი შეაქო.

„სოსიედადი აშკარა ფავორიტია და გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს. შტურმი ავსტრიის ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ ზალცბურგს ჩამორჩება, მაგრამ ვფიქრობ, ამ მატჩში არაფერი გამოუვა.

შტურმს იორგ ზიბენჰანდლის სახით კარგი მეკარე ჰყავს, სტანკოვიჩი და ვიუტრიხი კი გამოცდილი ფეხბურთელები არიან. ავსტრიული კლუბის გული ოთარ კიტეიშვილია, თუმცა მას ტრავმა აქვს და შტურმს მის გარეშე გაუჭირდება. იებოა და იანტშერიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომლებიც მაღალი კლასის მოთამაშეები არიან“.

შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილმა ტრავმა ევროპა ლიგაზე, პსვ-სთან გამართულ შეხვედრაში მიიღო და იძულებული გახდა, მოედანი 82-ე წუთზე დაეტოვებინა. 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით 14 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ტონი პოლსტერს რაც შეეხება, ამ უკანასკნელს ავსტრიის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, 44 გოლი აქვს გატანილი და სხვადასხვა დროს „სევილიაში“, „ტორინოში“, „რაიოში“, „კიოლნსა“ და „გლადბახში“ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები