19 წლის ქართველი მეკარე ესპანურ კლუბში ითამაშებს
Aa
Aa

19 წლის ქართველი მეკარე ესპანურ კლუბში ითამაშებს

თბილისის ''დინამოს'' აკადემიის აღზრდილი ლუკა ხარშილაძე კარიერას ესპანეთის რანგით მესამე ლიგის ''საბადელში'' გააგრძელებს. CrystalSport-ის ცნობით მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ხარშილაძე გარკვეული პერიოდი ესპანურ ''დამის'' აკადემიაში ირიცხებოდა (2019), შემდეგ ''დინამოში'' დაბრუნდა, ახლახანს კი ''საბადელში'' ოფიციალურად ჩაირიცხა.

გასულ სეზონში ''საბადელი'' ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობდა, თუმცა მესამე ლიგაში გავარდა და მიზანი რანგით მეორე ლიგაში დაბრუნებაა.

ლუკა ხარშილაძე საქართველოს 17 და 18-წლამდე ნაკრებებში ასპარეზობდა.

2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში, როცა გუნდს გიორგი ნემსაძე წვრთნიდა, ხარშილაძე თბილისის ''დინამოს'' სამატჩო განაცხადში ორჯერ მოხვდა, თუმცა არ უთამაშია.

2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის დასკვნით ტურში გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 6:1 გაანადგურა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის ვერ მოხვდა და ევროპის ჩემპიონატის მიღმა აღმოჩნდა. ელიტ-რაუნდის სამივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარს ხარშილაძე იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები