„სახეში დამარტყა და ცხვირი გამიტეხა“ - კონორი მორიგ სკანდალში გაეხვია
Aa
Aa

„სახეში დამარტყა და ცხვირი გამიტეხა“ - კონორი მორიგ სკანდალში გაეხვია

UFC-ის ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი მორიგ სკანდალში გაეხვია. პოპულარული იტალიელი დიჯეი, მომღერალი და ტელეწამყვანი, ფრანჩესკო ფაკინეტი ირწმუნება, რომ ღამის კლუბში ყოფნისას, კონორმა მას სახეში მუშტი ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა.

„ღამის 2:30-ზე, ბატონი კონორ მაკგრეგორი თავს დამესხა. ცნობილმა მებრძოლმა სახეში მუშტი ჩამარტყა და ცხვირი ათობით თვითმხილველის წინ გამიტეხა, რომელთა შორის მისი მეგობრები და პირადი დაცვის წევრები იყვნენ. იგი თავს სრულიად უმიზეზოდ დამესხა.

ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით და ერთად კარგ დროს ვატარებდით. შემეძლო გავჩუმებულიყავი და არაფერი მეთქვა, მაგრამ ვალდებული ვარ, განვაცხადო, რომ ეს ადამიანი სასტიკი და სახიფათოა. დარტყმა სრულიად შემთხვევით და უმიზეზოდ მივიღე და ჩემ ადგილას შესაძლოა, ნებისმიერი ყოფილიყო. კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. იგი იტალიაში 26 ოქტომბრამდე დარჩება და თუ სადმე დაინახავთ, მისგან თავი შორს დაიჭირეთ. არ მიხვიდეთ და ავტოგრაფი არ სთხოვოთ, რადგან გაწონასწორებული ადამიანი არაა და ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა იტალიელმა დიჯეიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მაკგრეგორი ვატიკანს ესტუმრა და საკუთარი შვილი მონათლა. ინციდენტი რომში, მაკგრეგორის ბავშვის ნათლობიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამართულ წვეულებაზე მოხდა, სადაც ფაკინეტიც იმყოფებოდა. დიჯეის თქმით, ირლანდიელმა იგი კიდევ ერთ წვეულებაზე დაპატიჟა და თანხმობის მიღების შემდეგ, მოულოდნელად, მუშტი უთავაზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები