სერენას ახალი რეკორდი
Aa
Aa

სერენას ახალი რეკორდი

ქალები მამაკაცებზე ერთი რაუნდით წინ არიან და იქ გუშინ მეოთხედფინალების დღე იყო. ზედიზედ 23-ე მატჩი მოიგო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა. მას მოხერხებული მეტოქე ჰყავდა, ესპანელი კარლა სუარეს ნავაროს სახით. მათ შორის წინა ხუთი მატჩი სერენამ ისე მოიგო, რომ სეტი არ დაუთმო მეტოქეს. ჩოგბურთელებმა ცოტა ხნის წინ მაიამის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ფინალში ითამაშეს და მაშინ სერენამ გაანადგურა ესპანელი.

დაახლოებით იგივე მოხდა გუშინაც. მართალია, წინა ეტაპზე ამერიკელმა ურთულესი სამსეტიანი მატჩი მოუგო ვიქტორია აზარენკას, მაგრამ ეს მის ფიზიკურ ფორმას არ დასტყობია და 6:1, 6:3 სძლია ესპანელს. ამერიკელმა სამივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თავად კი ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.


სერენამ უჩვეულო მიღწევა დააფიქსირა - ზედიზედ 50-ე (!) მატჩი მოიგო უმაღლესი კატეგორიის ტურნირებზე (Premier Mandatory). ამერიკელის მეტოქე ნახევარფინალში ჩეხი პეტრა კვიტოვა იქნება, რომელმაც გუშინ 7:5, 6:3 მოუგო რუმინელ ირინა კამელია ბეგუს.

სამსეტიანი მატჩებით მიიწევს წინ მარია შარაპოვა. გუშინ რუსმა პირველ პარტიაში გაანადგურა კაროლინ ვოზნიაცკი - 6:1, მაგრამ მეორე სეტში 3:6 დამარცხდა. მესამე სეტში ვოზნიაცკის ჰქონდა წარმატების რამდენიმე შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, შარაპოვამ კარგად ისარგებლა მეტოქის შეცდომებით და მერვე გეიმში გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.

მარია ნახევარფინალში თანამემამულე სვეტლანა კუზნეცოვას შეხვდება, რომელმაც სამსეტიან თრილერში სძლია ჩეხ ლუსი საფაროვას - 5:7, 7:6, 7:6.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები