მადრიდში ნადალი წინ მიიწევს
Aa
Aa

მადრიდში ნადალი წინ მიიწევს

მადრიდის "მასტერსზე" გუშინ მერვედფინალების დღე იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთის დედაქალაქში არ თამაშობს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ხოლო ერთი დღით ადრე ტურნირს გამოეთიშა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, მადრიდში ულაპარაკო ფავორიტია რაფაელ ნადალი, რომელმაც გუშინ გაანადგურა იტალიელი სიმონე ბოლელი. ესპანელმა ხუთი ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა, თითო სეტში ორი ბრეიკი აიღო და 6:2, 6:2 მოიგო.

მეოთხედფინალში ნადალის მეტოქე გრიგორ დიმიტროვი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 5:0-ს უგებს. გუშინ ბულგარელმა ორსაათიან ბრძოლაში მოუგო შვეიცარიელ სტენ ვავრინკას - 7:6(5), 3:6, 3:6. დიმიტროვმა 12 ბრეიკ-პოინტიდან 4 გამოიყენა და ზედიზედ მესამედ დაამარცხა შვეიცარიელი.

ტომაშ ბერდიხმა წლევანდელ ტრადიციას არ უღალატა. ჩეხმა წელს უკლებლივ ყველა ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, მინიმუმ მეოთხედფინალამდე გააღწია. ამჯერად, მან 89 წუთში გადალახა მერვედფინალის ბარიერი, როცა ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და რვა შეხვედრიდან მეშვიდედ დაამარცხა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა - 7:5, 6:2.

ბერდიხის შემდეგი მეტოქე იქნება ამერიკელი ჯონ ისნერი, რომელმაც ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი დაამარცხა - 6:3, 6:7(7), 6:4. წინა დღეს კირგიოსმა ორი მატჩბოლი მოიგერია როჯერ ფედერერთან მატჩში და ლეგენდა ბრძოლას გამოთიშა. ნიკმა გუშინაც გამოავლინა ბრძოლისუნარიანობა, როცა მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე მატჩბოლი მოიგერია და შემოკლებული გეიმი 9:7 მოიგო.

მაგრამ ისნერმა, რომელმაც 20 ეისი ჩააწოდა მატჩში, გადამწყვეტი ბრეიკი მესამე სეტის მეათე რაუნდში აიღო და ამით შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. ისნერი პირველი ამერიკელი გახდა 2009 წლის შემდეგ, ვინც "მასტერსის" სერიის ტურნირის მეოთხედფინალამდე მიაღწია.

ორი საათი და 27 წუთი ბრძოლის შემდეგ დაძლია მერვედფინალის საგზური დავიდ ფერერმა, რომელმაც ესპანურ დერბიში 5:7, 6:3, 6:4 დაამარცხა ფერნანდო ვერდასკო. ვეტერანმა რვა ბრეიკ-პოინტიდან სამი გამოიყენა და სეზონში 29-ე გამარჯვება გაიფორმა. ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მე-20 შეხვედრა და ფერერს მიჰყავს ანგარიში - 13:7. დავიდს მეოთხედფინალში სერიოზული მეტოქე ელის იაპონელი კეი ნიშიკორის სახით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები