გამარჯვება კოსოვოში - 9-წლიანი კოშმარული სერია დასრულდა
Aa
Aa

გამარჯვება კოსოვოში - 9-წლიანი კოშმარული სერია დასრულდა

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კოსოვო დაამარცხა (1:2).

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარუმატებელი სერია შეწყვიტა და 2012 წლის 7 სექტემბრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნულ დღეს თემურ ქეცბაიას ფორმაციის საქართველოს ნაკრებმა ოქრიაშვილის ბრწყინვალე გოლით ''დინამო არენაზე'' ბელარუსი დაამარცხა.

ბელარუსთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 23-მატჩიანი მოუგებელი სერია კოსოვოში შეწყვიტა. ეს სერია 9 წელი და 1 თვე გრძელდებოდა.

კოსოვოში ანგარიში თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა, მან მასპინძელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა, ეს მისი მე-13 გოლია ეროვნულ ნაკრებში, გიორგი დემეტრაძესა და ლევან კობიაშვილს გაუსწრო, რომელთა ანგარიშზე 12-12 გოლია.

საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავას შოთა არველაძე 26 გოლით ლიდერობს (60 მატჩი), თემურ ქეცბაიას აქტივში 17 გოლია (52 მატჩი), ალექსანდრე იაშვილმა 15 ბურთი მიითვალა (67 მატჩი), მე-4 პოზიციას კი თორნიკე ოქრიაშვილი 12 გოლით იკავებს.

კოსოვომ ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა, კვარაცხელიამ მეტოქის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, ''ლაციოს'' ფორვარდმა ვედატ მურიქმა შანსი გამოიყენა, ლორიას გაუტანა - 1:1.

სანიოლმა ცვლილებები გამოიცნო, მეორე ტაიმში ირაკლი აზაროვი და ზურიკო დავითაშვილი ჩართო თამაშში. 82-ე წუთზე აზაროვის ჩაწოდების შემდეგ დავითაშვილმა თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიციაზე აინაცვლა. ასევე 4 ქულაა კოსოვოს ანგარიშზე, თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო კოსოვო მე-5 ადგილზეა. მესამე ადგილს საბერძნეთი 9 ქულით იკავებს, ესპანეთის ანგარიშზე 13 ქულაა, ხოლო შვედეთი ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 11 ნოემბერს შინ შვედეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები