MARCA:
Aa
Aa

MARCA: "ჰოლანდს ლიდერობა უნდა, მბაპესთან ერთად ეს არ მოხერხდება"

მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ევროპული გრანდი ცდილობს ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას. ჯერჯერობით ნორვეგიელი თავდამსხმელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. მეტიც, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. მისი სათამაშო კლასი და დონე ყოველ კვირას გულშემატკივრებს კიდევ უფრო მეტად აოცებს. რთულად გასახსენებელია მისი ჩავარდნილი მატჩი. ეს ყველაფერი კი ჰოლანდის სატრანსფერო ღირებულებას მუდმივად ზრდის.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა შემტევის კონტრაქტი არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ერლინგი ვალდებულია „დორტმუნდში“ მინიმუმ 2 წლით გაჩერდეს. ვადა კი 2022 წლის იანვარში იწურება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება მისი სხვა გუნდში წასვლა რეალური. MARCA წერს, რომ ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა. ეს ინფორმაცია კი კლუბმა არ უარყო, თუმცა ხსენებული თანხა მაშინ გაფორმდა, როდესაც ერლინგი 18 წლის იყო. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ის გაცილებით ძვირი ღირს.

ჰოლანდის თამაში კვირიდან კვირამდე ყველას აოცებს. მისი ამბიცია, სათამაშო სტილი, კლასი და მონდომება ევროპული გრანდების სამიზნედ აქცევს. ჯერჯერობით თავად ფეხბურთელი ჩუმად არის და არაფერს ამბობს. ის დიდ პატივს სცემს „დორტმუნდს“ და ამ გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს. ჰოლანდი კარგად ხვდება, რომ მისი გერმანიიდან აბარგება ახლოვდება. მინო რაიოლა კი მისთვის დიდებულ კონტრაქტს ეძებს. ამის პარალელურად ჰოლანდი ამბიციურ განცხადებას აკეთებს:

„მინდა ვიყო ფეხბურთელი, რომელსაც სხვები გაჰყვებიან და მაგალითს აიღებენ.“

მისი ეს განცხადება ნათლად გამოხატავს იმ ფაქტს, რომ კლუბში, რომელშიც წავა აუცილებლად ლიდერი უნდა იყოს. შესაძლოა 20 წლის თავდამსხმელს ვარსკვლავურ შემადგენლობაში ყოფნა არც უნდოდეს. „დორტმუნდი“ მისთვის კომფორტულია, რადგან თამაში მთლიანად მასზე ეწყობა. ბოლო პერიოდში, მადრიდის „რეალი“ აქტიურად ეკონტაქტება მინო რაიოლას, თუმცა ფლორენტინო პერესი პარალელურად მბაპესთვისაც იბრძვის. იმ შემთხვევაში, თუ კილიანი „სამეფო კლუბში“ გადავა, ჰოლანდი მთავარი ვარსკვლავი არ იქნება და ეს გარემოება შესაძლოა ნორვეგიელი თავდამსხმელისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები