შეკვეთილი სასტიკი მკვლელობა - ვინ არის ნიუკასლის ახალი მფლობელი
Aa
Aa

შეკვეთილი სასტიკი მკვლელობა - ვინ არის ნიუკასლის ახალი მფლობელი

როგორც უკვე ცნობილია, „ნიუკასლს“ ახალი მფლობელი ჰყავს. „კაჭკაჭების“ სანაცვლოდ 305 მილიონი ფუნტი იქნა გადახდილი და კლუბი PIF, PCP Capital Partners და RB Sports & Media-ის კონსორციუმის მფლობელობაში გადავიდა.

ამ ინფორმაციის გაოფიციალურების შემდეგ, კლუბის ქომაგები „სენტ ჯეიმს პარკთან“ შეიკრიბნენ და მაიკ ეშლის 14-წლიანი კატასტროფული მმართველობის დასრულება აღნიშნეს. ისინი ისე ზეიმობდნენ იფიქრებდი რაიმე ტიტული მოიგესო, თუმცა ფაქტია, რომ „ნიუკასლი“ მალე თასების მოსაგებად ბრძოლაში ჩაებმება.

ვინ არის კონსორციუმს უკან მდგომი შეიხი - დიდძალი ქონება და ბრალდებები

ევროპული გამოცემები ყურადღებას კლუბის მფლობელი ფონდის ზურგს უკან ამოფარებულ მუჰამედ ბინ სალმანის შესახებ აკეთებენ, რომელიც საუდის არაბეთში ადამიანთა უფლებების დარღვევასა და მკვლელობაში არის ეჭვმიტანილი.

2020 წელს, ლეგენდარულმა მოჭადრაკე გარი კასპაროვმა პრემიერლიგის აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ მასტერსს წერილიც მიწერა, სადაც ის ითხოვდა, რომ გარიგებაზე და „ნიუკასლის“ გაყიდვაზე უარი ითქვას. ამის მიზეზად საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების შეზღუდვას, ადამიანის მოტაცების ფაქტებს, ასევე 2018 წელს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის ჯამალ ჰაშოგის მკვლელობას ასახელებდა.

საუდის არაბეთის 36 წლის მეფის ნაცვალი და მისი ოჯახი 320 მილიარდ ევროდ შეფასებულ ქონებას ფლობს, რაც „სიტის“ მფლობელ შეიხ მანსურის ქონებაზე 11-ჯერ მეტია.

სალმანის მფლობელობაში საფრანგეთში 320 მილიონ ევროდ შეფასებული სახლი და 485 მილიონ ევროდ შეფასებული იახტაა, რომელიც 133 მეტრი სიგრძის არის. მსოფლიოში კი მე-4 ყველაზე ძვირადღირებული იახტა გახლავთ.

2017 წელს სალმანიმ ლეონარდო და ვინჩის ნახატი (Salvatore Mundi) 389 მილიონ ევროდ შეიძინა და თავის იახტაზე გადაიტანა.

2015 წელს სალმანიმ მალდივის კუნძულზე წვეულება შეზღუდვების გარეშე მოაწყო, სადაც უამრავი ცნობილი ადამიანი მიიწვია, მათ შორის მომღერლებიც (Pitbull, DJ Afrojacko, Psy). ასევე დაიქირავა 150 ქალი, რომელთა ტრანსპორტირება ბრაზილიიდან და რუსეთიდან მოხდა. იქ მყოფ ყველა ადამიანს სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებზე სამედიცინო გამოკვლევებიც ჩაუტარდა. მომსახურე პერსონალს, რომელთა რაოდენობაც 300 ადამიანს შეადგენდა დუმილის სანაცვლოდ 5000-5000 ათასი ევრო გადასცეს, თუმცა საბოლოოდ ინფორმაციამ მაინც გაჟონა.

პოლიტიკური კარიერა და სასტიკი მკვლელობა

2015 წლიდან ის პოლიტიკაშია ჩაბმული და თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს. მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში ქალების უფლებების გაზრდა. მაგალითად, მათ ავტომობილის მართვის უფლება მიენიჭათ, რაც აქამდე არ ჰქონდათ. ასევე ქალები დაიშვნენ სტადიონებზე, სადაც საფეხბურთო მატჩებზე დასწრების უფლება მიეცათ, რაც აქამდე ასევე არ ჰქონიათ.

სალმანი დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობს და დასავლური ღირებულებების ათვისებას გეგმავს.

თუმცა - როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, სალმანის ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობაში ადანაშაულებენ. აშშ-ის დაზვერვის ანგარიში მას სასტიკ მკვლელობაში სდებს ბრალს. დაშიფრული ანგარიში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სალმანის ბრძანებით დამტკიცდა გეგმა, რომელიც ჰაშოგის დაკავებას ან ლიკვიდაციას ითვალისწინებდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

59 წლის ჟურნალისტი საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინების საბუთების გასაფორმებლად მივიდა, რის შემდეგაც არავის უნახავს. სალმანის გარემოცვა ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჰაშოგი ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებით გარდაიცვალა, თუმცა გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ის საკონსულოში სასტიკად მოკლეს. საუბარია ცოცხლად დანაწევრებაზე...

როგორც ვხედავთ, ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ხსენებულმა კონსორციუმმა, რომლის უკანაც სალმანი დგას, „ნიუკასლის“ შეძენა მაინც მოახერხა. რა მოხდება მომავალში და როგორ განვითარდება მოვლენები ამას დრო გვიჩვენებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები