„მამარდაშვილმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ არ იყო ის მეკარე, რომელსაც რაღაცის შეეშინდებოდა
Aa
Aa

„მამარდაშვილმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ არ იყო ის მეკარე, რომელსაც რაღაცის შეეშინდებოდა"

გიორგი მამარდაშვილის დებიუტი 2021/22 წლების სეზონის ლა ლიგაში 13 აგვისტოს, ხეტაფეს წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ შეხვედრაში, 20 წლის შემდეგ, 20 წლის მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ესპანეთის ლა ლიგაში, ბოლო მატჩი ძირითად შემადგენლობაში გიორგი დემეტრაძემ, 2001 წელს, სოსიედადის შემადგენლობაში ჩაატარა.

მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში გამოჩნდა და ასევე, პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის TOP 5 ჩემპიონატში ითამაშა.

1982 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ლა ლიგაში შანსი მიეცა.

გიორგი მამარდაშვილი 2012 წლიდან დინამო თბილისში ირიცხებოდა და ბოლო ორი სეზონი განათხოვრებული თბილისის ლოკომოტივში იყო. 

ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ. ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო, რომელიც ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელია. მას გიორგისთან ერთად უმუშავია და 21 წლის მეკარეს კარგად იცნობს:

გიორგი კარგი ადამიანი და ძლიერი პიროვნებაა. თავმდაბალი და კარგ ოჯახში აღზრდილია. ეს ყველაფერი ფეხბურთში ძალიან ეხმარება.

მაღალია და ისეთი რეაქცია აქვს, რაც ამ სიმაღლის მეკარეებს როგორც წესი, არ ახასიათებთ. ნიჭი აქვს, ამის გარდა, აქვს ხასიათის რაღაცნაირი სიმტკიცეც - ლა ლიგაში მის პირველ მატჩს როცა ვუყურე, მე უფრო ვნერვიულობდი, ვიდრე ის.

ლოკომოტივში რომ მივედი, გიორგი მეორე მეკარე იყო. როცა პირველი, ოფიციალური მატჩი მომიწია, გიორგი ვათამაშე. მინდოდა, ეს მეკარე მენახა, რადგან რუსთავში დამაჯერებელი იყო. პირველივე მატჩში, დინამო ბათუმთან, უხეში შეცდომა დაუშვა, გოლი 100%-ით მისი ბრალი იყო, მაგრამ მიირბინა, ბურთი კარიდან გამოიტანა და გუნდს შეუძახა. მასში ხასიათი დავინახე. მინახავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, როცა ასეთ დროს თავს ხრიან, მაგრამ არა... არ იყო ეს ის მეკარე, რომელსაც რაღაცის შეეშინდებოდა. ამის შემდეგ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ მასთან კონტრაქტი გაგვეგრძელებინა, დინამოსთანაც მოვილაპარაკეთ. უცხოელი მეკარის ჩამოყვანის საკითხი დღის წესრიგში იდგა, თუმცა ამის შემდეგ ლოკომოტივში ეს საკითხი აღარ დამდგარა.

მამარდაშვილმა ესპანელების ყურადღება ჯერ კიდევ გასულ წელს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სწორედ ლოკომოტივის მაისურით, გრანადას წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიპყრო. მიუხედავად იმის, რომ ამ მატჩში ლოკომოტივი დამარცხდა (2-0), გიორგი მაინც გამორჩეული იყო.

ფოტო: GFF

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები