1999 წლის შემდეგ პირველად - იტალიელთა 22-წლიანი სერია შეწყდა
Aa
Aa

1999 წლის შემდეგ პირველად - იტალიელთა 22-წლიანი სერია შეწყდა

ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთმა იტალიას „სან სიროზე“ 2:1 მოუგო და ფინალში ითამაშებს. „ფურია როხამ“ ამ გამარჯვებით „სკუადრა აძურას“ რეკორდული 37-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუსრულა.

2018 წლის 10 სექტემბერის (პორტუგალიასთან 0:1) შემდეგ, რობერტო მანჩინის გუნდი პირველად დამარცხდა. ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა, რომელსაც ოდესმე რომელიმე საფეხბურთო ნაკრებს ჰქონია.

ასევე აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრებმა ოფიციალური მატჩი საკუთარ კედლებში 1999 წლის 8 სექტემბრის შემდეგ პირველად წააგო. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დანიასთან 2:3 დამარცხდნენ. ამის შემდეგ, „სკუადრა აძურას“ ესპანეთთან გუშინდელ თამაშამდე საკუთარ მოედანზე წაგება არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის წინ, როცა იტალიელთა ეს დაუმარცხებელი სერია დაიწყო, ამჟამად ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მყოფ ფეხბურთელთაგან 6 მათგანი დაბადებულიც არ იყო: პედრო პორო, ბრაიან ხილი, ფერან ტორესი, ერიკ გარსია, იერემი პინო და გავი.

რაც შეეხება 17 წლის პაბლო მარტინ პერეს გავირიას, იგივე გავის, მან თავის ახლადდაწყებულ კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა ჩაატარა და ეს „სან სიროზე“ იტალიის წინააღმდეგ გააკეთა. თინეიჯერმა ნახევარმცველმა მოედანზე 83 წუთი დაჰყო და „ფურია როხას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით ითამაშა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები