ჩაკვეტაძე დასაჯეს: 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2 ათასი ევრო
Aa
Aa

ჩაკვეტაძე დასაჯეს: 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2 ათასი ევრო

ბელგიური ''გენტის'' ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ''ანტვერპენთან'' უხეში თამაშის გამო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ასევე, ბელგიის ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით მოთამაშეს 2 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

საფეხბურთო კლუბი ''გენტი'' გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში ''ანტვერპენმა'' შინ ''გენტი'' 1:0 დაამარცხა. ეს მატჩი განსაკუთრებით უიღბლო გიორგი ჩაკვეტაძისთვის აღმოჩნდა, რომელიც 33-ე წუთზე თამაშის წესის დარღვევის გამო გააძევეს. არბიტრმა 22 წლის ნახევარმცველს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით მიმდინარე თვეში ბელგიის ჩემპიონატის დარჩენილ ორ შეხვედრას გამოტოვებს (17 ოქტომბერს შინ ეუპენთან და 24 ოქტომბერს სტუმრად გენკთან).

ოქტომბერში 22 წლის ნახევარმცველს ბელგიის თასსა და კონფერენს ლიგაზე ასპარეზობის შესაძლებლობა ექნება. კერძოდ, 21 ოქტომბერს ''გენტი'' ბელგრადის ''პარტიზანს'' ესტუმრება, 27 ოქტომბერს კი ბელგიის თასზე ''ბელისია ბილზენს'' უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში მე-7 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 საგოლე პასია. ასევე, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ შეხვედრაში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები