მებრძოლი, რომელიც 18 წამში დაანოკაუტეს, ჩხუბისას მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა
Aa
Aa

მებრძოლი, რომელიც 18 წამში დაანოკაუტეს, ჩხუბისას მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა

MMA-ის ვეტერანი მებრძოლი, ჯასტინ ტორნტონი 38 წლის ასაკში, აგვისტოში გამართული ჩხუბისას მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. 20 აგვისტოს, BKFC 20-ის (კრივი ხელთათმანების გარეშე) ეგიდით, იგი დილონ კლეკლერს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა მეტოქე 18 წამში დაანოკაუტა და ტორნტონი რინგიდან საკაცით გაიყვანეს.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტორნტონს ხერხემლის ტრავმა ჰქონდა და ნაწილობრივ პარალიზებული იყო. იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გახლდათ შეერთებული და მის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციებიც გაიმართა, თუმცა ტრაგედიის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.

„დღეს დილით ძალიან დამწუხრებული ვიყავით, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მებრძოლის, ჯასტინ ტორნტონის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. გვინდა, ამ სპორტის სამყაროს წარმომადგენლებს შევუერთდეთ და მის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარი გამოვუცხადოთ“, - განაცხადა BKFC-ის პრეზიდენტმა, დევიდ ფელდმანმა.

ცნობისთვის, ტორნტონს MMA-ის ეგიდით, 24 ბრძოლა ჰქონდა გამართული. მან პირველად 2008 წელს იჩხუბა და მის ანგარიშზე 8 მოგება და 16 წაგება გახლდათ.

ცხელი ამბები