გაგამარუ: „რესტორანში ისეთ კერძებს ვერ დააგემოვნებ, როგორსაც ტოჩინოშინი გააკეთებს
Aa
Aa

გაგამარუ: „რესტორანში ისეთ კერძებს ვერ დააგემოვნებ, როგორსაც ტოჩინოშინი გააკეთებს"

თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ საქართველოს პირველი არხის ეთერით საკუთარი კარიერისა და სხვა, არაერთი საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა. საუბარი შეეხო ტოჩინოშინსაც. გაგამარუს თქმით, ლევან გორგაძე შესანიშნავი კულინარია:

 სიმართლეს პირდაპირ ვიტყვი – ძალიან ცუდი კულინარი ვარ, საერთოდ არაფერი გამომდის, მაგრამ მყავს უდიდესი ადამიანი, უდიდესი სპორტსმენი, ტოჩინოშინი, რომელიც უდიდესი კულინარია.

მე ვიტყვი, რომ ბევრ რესტორანში რომ შეხვიდე, შეიძლება ისეთი კერძები ვერ დააგემოვნო, როგორსაც ლევანი მოამზადებს. ძალიან მაგრად გამოსდის, არაფრისგან ისეთ კერძს გაგიკეთებს, ქართულს, რომ შეიძლება გაგიჟდე.

ხინკალსაც ახვევს… ყველაფერს აკეთებს და მე მქონდა ეგ ბედნიერება. განებივრებული ვიყავი მას შემდეგ, რაც ელიტაში გადავედით და უფრო მეტი დრო მოგვეცა ერთად ყოფნისთვის. ხშირად აკეთებს ლევანი და უთქვამს,  სამზარეულოში რაღაცას რომ ვამზადებ, რაღაცნაირად ვისვენებო, იმ დონეზე უყვარს კერძების კეთება. მე კიდევ ეს არ მესმის, ალბათ იმიტომ, რომ მე არ გამოდის. მერე რას ვაკეთებ ხოლმე იცით?

ამასაც ვიტყვი, ბევრჯერ მიმიბაძავს, წამოვსულვარ სახლში და მიცდია, რაც იმან წუხელ საღამოს გააკეთა, მაგრამ ის გემო ვერ დავსვი, რაც ლევანმა დასვა და როგორიც იყო. მერე ხელი ჩამიქნევია, რომ მივალ ლევანთან შევჭამ, დავანებებ სახლში გაკეთებას თავს-თქო - უთხრა გაგამარუმ პირველ არხს.

გაგამარუმ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო, კარიერის დასაწყისი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოუვიდა.

2006 წლის იანვარში, პროფესიულ სუმოში ჩატარებულ პირველივე ბაშოზე, ჯონოკუჩის (ყველაზე დაბალ) დივიზიონში, ძენშო იუშო (7-0) გააკეთა და უმალვე ერთი დივიზიონით მაღლა აინაცვლა. არც ჯონიდანში შეურცხვენია თავი - 7-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო და სანდანმეში დაწინაურდა. რანგით მეოთხე დივიზიონის გასავლელად სამი ბაშო დასჭირდა, თუმცა აქაც მხოლოდ კაჩი-კოშებით მიიწევდა წინ.  მაკუშიტას დივიზიონში კი დიდხანს მოუწია გაჩერება - 3 წელი (18 ბაშო), თუმცა, ბოლო ტურნირზე, მაკუშიტას მე-10 ნომრის სტატუსით შვიდივე ორთაბრძოლა მოიგო, ამის გარდა, საჩემპიონო სუპერფინალში (კეტტეი-სენში) ბრაზილიელი კაისეიც დაამარცხა და კარიერის დაწყებიდან ზუსტად 4 წლის თავზე (2009 წლის ნოემბერში) ელიტის საგზური და სეკიტორის საპატიო სტატუსი მოიპოვა.

ბოლოს, ქართველ ფალავანს ტრავმები მოეძალა. ორივე მუხლში სითხე ჩაუდგა, რის გამოც, მისი უკუსვლა დაიწყო.  2019 წლის ბოლომდე ელიტაში ადგილს მაინც ინარჩუნებდა, თუმცა ტრავმებით გატანჯულს უკვე სიარულიც უჭირდა, არათუ დოჰიოზე ორთაბრძოლების ჩატარება და აქედან მოყოლებული, კიუჯოზე გავიდა.

თუმცა, უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ინტაისთვის ემზადებოდა  და მისი დაბრუნება დოჰიოზე აღარ შედგებოდა.

კომენტარი მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები