„ამან თავი ქურდად მაგრძნობინა
Aa
Aa

„ამან თავი ქურდად მაგრძნობინა" - მბაპემ დაადასტურა, რომ ზაფხულში წასვლა სურდა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ დაადასტურა, რომ ზაფხულში, კლუბის დატოვება სურდა. ახალგაზრდა ფრანგმა ინტერვიუ RMC Sport-ს მისცა და განაცხადა, რომ პსჟ-ს საკუთარი სურვილის შესახებ ივლისში შეატყობინა.

„კლუბიდან წასვლა მოვითხოვე მაშინ, როცა გადავწყვიტე, რომ კონტრაქტს არ გავახანგრძლივებდი. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მინდოდა, კლუბს ჩემ სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა მიეღო და ღირსეული შემცვლელი შეეძინა. პარი სენ-ჟერმენმა უამრავი რამ მომცა. აქ 4 წელი გავატარე, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ახლაც ბედნიერი ვარ. ჩემი პოზიცია ნაადრევად იმიტომ დავაფიქსირე, რომ მინდოდა, კლუბს ვითარების გამოსასწორებლად და სარფიანი ტრანსფერისთვის დრო ჰქონოდა. მსურდა, პარი სენ-ჟერმენისადმი პატივისცემა გამომეჩინა და ვთქვი, რომ ჩემი გაშვება თუ არ უნდოდათ, გუნდში დავრჩებოდი.

ხალხი ამბობს, რომ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი 6-ჯერ თუ 7-ჯერ ვთქვი, ლეონარდოს აღარ ველაპარაკები და ა.შ. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი პოზიცია აშკარა იყო. კლუბიდან წასვლა მინდოდა და ამის შესახებ მათ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საკმარისად ადრე შევატყობინე. სიმართლე გითხრათ, არ მესიამოვნა პარი სენ-ჟერმენმა რომ განაცხადა, თითქოს წასვლა აგვისტოს ბოლო კვირაში მოვითხოვე. ეს სიმართლე არაა და თავი ქურდად მაგრძნობინა. პსჟ-ს ივლისის ბოლოს შევატყობინე, რომ კლუბის დატოვება მსურდა“.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, საფეხბურთო სამყაროს მთავარი სასაუბრი თემა კილიან მბაპეს ტრანსფერი იყო. ფრანგ ფეხბურთელს „რეალს“ უკავშირებდნენ და მასზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა „სამეფო კლუბმა“ მიზანს ვერ მიაღწია. ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, მბაპე „პარკ დე პრანსს“ ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები