„მხოლოდ ტოპ 3 მებრძოლთან ჩხუბი მაინტერესებს
Aa
Aa

„მხოლოდ ტოპ 3 მებრძოლთან ჩხუბი მაინტერესებს" - ჭიკაძეს სატიტულო ბრძოლა სურს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე MMAJunkie-ის ესაუბრა. „ნინძამ“ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა სურს.

„სატიტულო ჩხუბის შანსს ვეძებ და არ ვარ ბიჭი, რომელიც გაჩერდება. 7 წელია აშშ-ში ვიმყოფები და ერთადერთი მიზანი მაქვს - მინდა, UFC-ის საჩემპიონო ქამარი დავისაკუთრო და საქართველოში, ქართველ ხალხს ჩავუტანო. ვაპირებ გავაგრძელო ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი და მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ჩემს შანსს მივიღებ. თუ მაქს ჰოლოუეისა და იაირ როდრიგესის ჩხუბისთვის UFC-ის სათადარიგო მებრძოლი დასჭირდება, მზად ვიქნები და ახლაც მზად ვარ.

UFC-ში ზედიზედ 7 გამარჯვება მაქვს და ბოლო 2 ბრძოლაში ბონუსი მივიღე. გასულ ჩხუბში, ედსონ ბარბოზას დონის მებრძოლი დავაფინიშე, რომელიც UFC-ში სტრაიკინგის ღმერთი იყო. მანამდე კაბ სვანსონს მოვუგე, რომელიც UFC-ში ნოკაუტით პირველად დამარცხდა და საამისოდ, 1 წუთი მეყო. რატომ არ ვიმსახურებ სატიტულო ბრძოლას? ვიცი, რომ ჩემპიონს სურს, აქტიური იყოს და 2021 წელს, კიდევ ერთხელ იჩხუბოს. ვფიქრობ, ამ ბრძოლის გამართვას აზრი ნამდვილად აქვს და დარწმუნებული ვარ, ქომაგები ბრწყინვალე დაპირისპირებას იხილავენ.

ხალხს ავიწყდება, რომ MMA-ის ჩვეულებრივი მებრძოლი არ ვარ. გადახედეთ ჩემს რეზიუმეს კარატეში. უმაღლეს დონეზე ვასპარეზობდი და მსოფლიო ჩემპიონი რამდენჯერმე გავხდი. შემდეგ კიკბოქსინგში წავედი და იქაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, ახლა კი UFC-ში ვარ და იმავეს ვაკეთებ. 2020 წელს, 4-ჯერ ვიჩხუბე და აქტიური ვარ. გარდა ამისა, მეტოქეები გამირბიან და ჩემთან ჩხუბს თავს არიდებენ. მხოლოდ რეიტინგის ტოპ 3 მებრძოლთან ბრძოლით ვინტერესდები. ვიცი, ხალხი ჩემზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ „გიგას ეს არ შეუძლია“, „გიგას ის არ შეუძლია“, მაგრამ უკვე 7 ბრძოლაა ასეა და უმაღლესი დონის მეტოქეები დავამარცხე. რეიტინგის მე-8 ნომერი არ უნდა ვიყო და მინიმუმ ტოპ 5-ს ვიმსახურებ“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ კარიერაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა. „ნინძას“ UFC-ში 7-დან 7 ბრძოლა აქვს მოგებული და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები