რონალდუს ისტორიული შედეგები და იუნაიტედის გამარჯვება ბოლო წუთზე
Aa
Aa

რონალდუს ისტორიული შედეგები და იუნაიტედის გამარჯვება ბოლო წუთზე

კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო სამყარო აღტაცებაში კიდევ ერთხელ მოიყვანა. ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვილიარეალს“ უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 95-ე წუთზე რონალდუს გოლით 2:1 დაამარცხა.

მატჩი თანაბრად წარიმართა. მომენტებში სტუმრები უპირატესობასაც ფლობდნენ. უნაი ემერის გუნდი 53-ე წუთზე პაკო ალკასერმა დააწინაურა. ტელეშმა 66-ე წუთზე გაათანაბრა, რის შემდეგაც გატანა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა 95-ე წუთამდე ეს ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, ჯესი ლინგარდის პასის შემდეგ რონალდუმ „ოლდ ტრაფორდზე“ შეკრებილი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააგიჟა.

36 წლისა და 236 დღის - რონალდუ „იუნაიტედის“ ისტორიაში მეორე ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა შეძლო. ყველაზე ასაკოვანი ბრაიან რობსონი გახლდათ. 1993 წელს მან გოლის გატანა 36 წლისა და 282 დღისამ შეძლო.

ასევე რონალდუმ 90-ე წუთს შემდეგ ტურნირის ისტორიაში მე-3 გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ასეთი შედეგი მხოლოდ მას და სერხიო აგუეროს აქვთ დაფიქსირებული.

ზოგადად გამარჯვების მომტანი გოლების რაოდენობით კრიშტიანუ ერთპიროვნული რეკორდსმენია - მის ანგარიშზე 41 ასეთი გოლია. მეორე ადგილს 38 გოლით მესი იკავებს.

რონალდუ კასილასს გაუთანაბრდა

კრიშტიანუმ პირველ ტურში „იანგ ბოიზის“ წინააღმდეგ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების მიხედვით იკერ კასილასს გაუთანაბრდა.

ლეგენდარულ ყოფილ კიპერს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 177 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. დღეს კი, რონალდუ ძირითად შემადგენლობაშია და ჩემპიონთა ლიგაზე 178-ე შეხვედრას მართავს. ამდენი მატჩი ხსენებულ გათამაშებაში არასდროს არავის არ ჩაუტარებია.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები