Aa
Aa

"თავს არ ვიმართლებ, სამუშაო ძალიან ბევრია" - სალომე ხუბულური ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ

საქართველოს 17-წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ლუქსემბურგში, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ, დიდი ანგარიშით 0:10 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო. სალომე ხუბულურის გაწვრთნილი გოგოები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში კოსოვოს დაუპირისპირდნენ და 0:13 დამარცხდნენ.

ლუქსემბურგთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრების მწვრთნელი სალომე ხუბულური CrystalSport-ს მარცხის მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

რა თქვა სალომე ხუბულურმა?

„წაგების მიზეზი ბევრია. პირველ რიგში გამოუცდელობა.. საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად საკმაოდ ცოტა დრო გვქონდა. კორონავირუსმაც ბევრ რამეში შეგვიშალა ხელი. გოგონებს შეუთამაშებლობის პრობლემა ჰქონდათ. ერთი ამხანაგური თამაშიც კი არ გვითამაშია და ეგრევე მაღალ დონეზე, დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ ვითამაშეთ. ასე კი საკმაოდ რთულია..

ცხადია, თავს არ ვიმართლებ. ამხელა ანგარიშით წაგება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, თუმცა გვაქვს პრობლემები და სამუშაო ძალიან ბევრია. ჩემთვისაც პირველი თამაშებია მთავარი მწვრთნელის რანგში და გოგონებისთვისაც ამ ფორმაციის ნაკრებში. ვფიქრობ, უკეთესი შედეგებისთვის, სამომავლოდ უფრო მეტი შეკრება და ამხანაგური თამაშებია საჭირო.“

ცნობისთვის, სალომე ხუბულური საქართველოს ქალთა 17-წლამდელთა ნაკრებს მიმდინარე წლის მარტიდან წვრთნის. ასევე გეტყვით, რომ სალომე მოქმედი ფეხბურთელია და „გორის“ ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა 17-წლამდელთა ნაკრები მომავალ მატჩს ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 30 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები