დვალიშვილი: ''ეს გამარჯვება დიდი ნაბიჯი და ხმამაღალი განცხადებაა''
Aa
Aa

დვალიშვილი: ''ეს გამარჯვება დიდი ნაბიჯი და ხმამაღალი განცხადებაა''

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-9 ბრძოლა გამართა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელი მერლონ მორაეში დაამარცხა.

პირველ რაუნდში მერაბი მარცხს გადაურჩა, როცა მორაეში ნოკაუტით მოგებასთან ახლოს იყო. ამის შემდეგ დვალიშვილმა ბრძოლაში დაბრუნება შეძლო, მეტოქე პარტერში გადაიყვანა, რაც მეორე რაუნდში უკეთ გამოიყენა და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწია.

გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ისაუბრა.

''ძალიან მიხარია, რომ საქართველოს წარმომადგენლები UFC-ში წარმატებულად გამოვდივართ. აქ ყველამ იცის საქართველოს შესახებ, საქართველოთი აღფრთოვანებულები არიან, მათ ჩვენებურად შევაყვარეთ საქართველო. ეს სპორტი მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, საქართველოსთვის დიდი სახელის მოტანა შეგვიძლია.

შემდეგი ბრძოლა ექს-ჩემპიონთან ან ძალიან ცნობილ მეტოქესთან მომიწევს. სავარაუდოდ, რეიტინგში მე-6 ადგილზე დავწინაურდები, თუმცა ჩემთვის რეიტინგი არაფერს ნიშნავს. ზედიზედ 7 გამარჯვება მოვიპოვე, რაც დიდი ნაბიჯი და ხმამაღალი განცხადებაა''.

ქართელი ამჟამად მე-11 პოზიციაზეა, მისი მეტოქე მორაეში კი მე-6 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები