სურინამის 60 წლის ვიცე-პრეზიდენტმა ოფიციალურ მატჩში ითამაშა
Aa
Aa

სურინამის 60 წლის ვიცე-პრეზიდენტმა ოფიციალურ მატჩში ითამაშა

სურინამის 60 წლის ვიცე-პრეზიდენტმა რონი ბრუნსვეიკმა სამშაბათს თავისი ოფისიდან საფეხბურთო მოედანზე გადაინაცვლა და კონკაკაფის ლიგის ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა მიიღო.

ბრუნსვეიკი პოლიტიკური კარიერის გარდა ფეხბურთში აქტიურად არის ჩაბმული და ადგილობრივი კლუბის „ინტერ მოენგოტაპოს“ კაპიტანი გახლავთ, რომლის მფლობელიც თავად არის.

ბრუნსვეიკმა შეხვედრაში 54 წუთი ითამაშა და თავის გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვა, რომელიც მათ 6:0 მოიგეს. „ინტერ მოენგოტაპოს“ მეტოქე ჰონდურასული „ოლიმპია“ გახლდათ. შეხვედრა სურინამის დედაქალაქ პარამარიბოში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ბრუნსვეიკი თავდასხმაში იდგა, თავის შვილ დამიანთან ერთად.

მატჩის შემდეგ კი ბრუნსვეიკმა გასახდელში ფეხბურთელებს (და ალბათ არამარტო მათ) ფული დაურიგა, რისი ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.

ამრიგად, ბრუნსვეიკი ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ის 60 წლისა და 198 დღის იყო.

ცოტა რამ ბრუნსვეიკის შესახებ

რონი ბრუნსვეიკი არმიის ყოფილი ლიდერია. ის სურინამის 1980 წლის სამოქალაქო ომში ყოფილი დიქტატორის დესი ბოუტერსის წინააღმდეგ იბრძოდა.

ბრუნსვეიკი დღეს მდიდარი ბიზნესმენი და პოლიტიკოსია, თუმცა მას 1999 წელს ნიდერლანდების სასამართლომ დაუსწრებლად ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საფრანგეთის სასამართლომ კი ამავე დანაშაულისთვის 2000 წელს მას თავისუფლების აღკვეთა 10 წლით შეუფარდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც დაუსწრებლად.

ბრუნსვეიკს ბრალდებები და სასამართლო განჩინებები ნაკლებად ადარდებს, რადგან სურინამი თავისი მოქალაქეების ექსტრადირებას არ ახდენს.

აქვე გეტყვით, რომ რონი ბრუნსვეიკი სურინამის პარლამენტის წევრი 2005 წლიდან არის. ვიცე-პრეზიდენტის პოსტი კი 2020 წელს დაიკავა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები