Aa
Aa

"პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ" - თათია გაბუნია შვედეთთან მატჩის შემდეგ

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ ტურში სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0:4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი გოგოები ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა ვარსკვლავურ შვედებთან წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ქალთა ნაკრების მეკარემ თათია გაბუნიამ Crystalsport-თან საუბრისას მატჩი შეაფასა.

რა თქვა თათია გაბუნიამ?

„ყველამ ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა. ველოდებოდით, რომ შესაძლოა 10-ზე მეტი კუთხური ჩამოწოდებულიყო. ერთადერთი იმის იმედი გვქონდა, რომ ყველა, აბსოლუტურად ყველა ძალიან მაგრად ვიდექით. ყველას საკუთარი თავის იმედი ჰქონდა და ვიცოდით, რომ ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა იდგა. ვიტყვი, რომ დიდი როლი ითამაშა ჩვენი მწვრთნელის გამხნევებამ. მისი სიტყვები საოცარი იყო. პირველი ის თქვა, რომ მისთვის დღევანდელი დაპირისპირება პირველი პრინციპული შეხვედრა იყო სანაკრებო დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვნერვიულობ, მჯერა, რომ კარგ შედეგს დავდებთო.

დღეს ღვთისმშობლობა არის და დარწმუნებული ვარ მისი მადლი შეგვეწევაო. ამ სიტყვების თქმა და ტაში ერთი იყო. გავედით მოედანზე და ერთი რამ ზუსტად ვიცოდით! ბოლომდე უნდა გვეთამაშა! თამაში დავიწყეთ თუ არა, მთელი ძალებით ვცდილობდით წარმატების მიღწევას. პირველი ნახევარი საათი 0:0 იყო. პირველმა გოლმა ჩვენზე ძალიან იმოქმედა. ცოტა მოვდუნდით, მაგრამ მაინც გავაგრძელეთ და ვიბრძოლეთ. კარგად ვიცოდით, რომ ლომებთან და მხეცებთან გვქონდა საქმე. ერთადერთი რაც გვაძლებინებდა, ჩვენი ოჯახი, გულშემატკივრები და ქვეყანა იყო.

ძალიან რთულია, როდესაც პირველი ტაიმი 0:2 გაქვს წაგებული. ამ თამაშის შემოტრიალება კი არა, იმათ ნახევარზე გადასვლაც ძალიან რთული იყო. გიორგიმ კიდევ ერთხელ გაგვამხნევა და გვითხრა: „თქვენ ხართ გმირები, აკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. ასე გააგრძელეთ და შედეგიც იქნება. არ დაგავიწყდეთ, ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა არის. აქ სუპერვარსკვლავები თამაშობენ და ჩვენ მაგ დონეზე არ ვართ. მათ თონემდე მისასვლელად კიდევ დიდი დრო დაგვჭირდება.“

მოედანზე გასვლის დროს, გიორგის ნათქვამმა ძალიან იმოქმედა. ამაღლებული განწყობით დავიწყეთ თამაში. მიუხედავად ანგარიშისა, მაინც ვაწვებოდით და მაქსიმუმს ვცდილობდით. პენალტმა გამანადგურა. ასეთ დროს ეს გადაწყვეტილება მტკივნეულია. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კმაყოფილები ვართ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. ისინი ბავშვობიდან ერთად ვარჯიშობენ და ჩვენ ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს. ზოგადად ქალთა ფეხბურთი საქართველოში ბოლო წლებში განვითარდა. რაც შეეხება ტრავმას, გამოსვლის დროს ორი ფეხბურთელი დამეცა ზურგზე. ერთმა მგონი გადამიარა. ფეხს, რომ ვადგამდი მეგონა, რომ წავიქცეოდი. ერთ მომენტში გამიარა, თუმცა მომდევნო ეპიზოდში ცუდად დავეცი და კუნთი გამეთიშა.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩხაიძის გუნდი მე-40 წუთამდე დიდ წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს, თუმცა ხსენებულ დროს ფილიპა ანგელდალმა ანგარიში გახსნა.

შვედები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ტაიმის მიწურულს ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ლამაზი კომბინაციის შედეგად მაგდალენა ერიქსონმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში მასპინძლები ისეთი ძალებით აღარ უტევდნენ, თუმცა 84-ე წუთზე კაროლინ სეგერმა თათია გაბუნიას კარში მესამე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შვედმა ფეხბურთელმა პენალტი გამოიყენა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გიორგი ჩხაიძის გუნდმა მეოთხე გოლიც გაუშვა. საქართველოს კარში გოლი კვლავ სეგერმა გაიტანა. უკანასკნელი გოლი ისევ სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები