იუვე ისევ მოუგებლად - რებიჩმა მილანს ქულა გადაურჩინა
Aa
Aa

იუვე ისევ მოუგებლად - რებიჩმა მილანს ქულა გადაურჩინა

იტალიის სერია A-ს მე-4 ტურის მთავარი მატჩი ტურინში ჩატარდა, სადაც მოუგებლად მყოფმა „იუვენტუსმა“ ერთ-ერთ ლიდერ „მილანს“ უმასპინძლა. დიდი აპენინური ჯახი ფრედ 1:1 დასრულდა. „ბიანკონერისგან“ მორატამ შეაგდო, „როსონერის“ კი ქულა რებიჩმა გადაურჩინა.

ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა, როცა მილანელებმა კუთხური მოაწოდეს და ბურთი შეტევაში დაკარგეს, რასაც „ვეკია სინიორას“ სწრაფი კონტრშეტევა, დიბალას პასი და მორატას გოლი მოჰყვა. თანდათან უპირატესობას „მილანი“ დაეუფლა, თუმცა „იუვე“ თავს ორგანიზებულად იცავდა. ვოიცეხ შესნის გოლი მაინც გაუტანეს და ეს 76-ე წუთზე მოხდა - ტონალის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ანტე რებიჩმა მაღალ ნახტომში ეფექტურად დაარტყა და „შავ-წითლებს“ ქულა გადაურჩინა - 1:1.

აღსანიშნავია, რომ მორატამ „იუვე“-„მილანის“ მატჩებში 1996 წლის შემდეგ „ბიანკონერისგან“ უსწრაფესი გოლი შეაგდო. მაშინ ანტონიო კონტემ მე-3 წუთზე გაიტანა. რაც შეეხება რებიჩს, იგი 1994-95 წლების შემდეგ, ანუ რაც მოგება 3 ქულით ფასდება, „როსონერის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „იუვესთან“ ჩემპიონატის ზედიზედ 3 შეხვედრაში გამოიჩინა თავი.

ცალკე სათქმელია მასიმილიანო ალეგრის გუნდის ცუდი სტარტი - „ბიანკონერის“ 4 ტურში მხოლოდ 2 ქულა აქვს, რაც კლუბის ისტორიაში მეოთხედ მოხდა - 1942-43; 1955-56; 1961-62 და 2021-22 წლების სეზონებში.

4 ტურის შემდეგ, „იუვენტუსი“, 2 ქულით, ცხრილის მე-18 ადგილზეა, სტეფანო პიოლის „მილანს“ კი 10 ქულა აქვს და ლიდერობას თანაქალაქელ „ინტერთან“ იყოფს. თუმცა, ხვალ „ნაპოლის“ ექნება შანსი, ორივე მათგანს გადაასწროს, თუ სტუმრად „უდინეზეს“ მოუგებს.

სერია A-ს მომდევნო ტური შუა კვირაშია - „იუვე“ „სპეციას“ ესტუმრება, ხოლო „როსონერი“ საკუთარ არენაზე „ვენეციას“ მიიღებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები