მამარდაშვილს არ გაუმართლა - რეალმა ვალენსია მატჩის ბოლოს გატეხა
Aa
Aa

მამარდაშვილს არ გაუმართლა - რეალმა ვალენსია მატჩის ბოლოს გატეხა

ლა ლიგის მეხუთე ტურში ვალენსიამ რეალს მესტალიაზე უმასპინძლა, შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და რეალის გამარჯვებით, ანგარიშით - 1-2 დასრულდა.

სასიამოვნო აღმოჩნდა ვალენსიას მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის გადაწყვეტილება - გულშემატკივარმა ძირითად შემადგენლობაში კვლავ ქართველი მეკარე იხილა, გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, საბოლოო ჯამში, გიორგის ანგარიშზე 8 სეივი იყო.

ნულოვანი პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 66-ე წუთზე, უგო დურომ გახსნა (1-0), რის შემდეგაც ვალენსია შეხვედრას 86-ე წუთამდე იგებდა, თუმცა რიკოშეტმა წონასწორობა აღადგინა (1-1), რასაც  კარიმ ბენზემას გოლი, 88-ე წუთზე მოჰყვა (1-2). სამწუხაროდ, აღნიშნულ მომენტში ქართველმა მეკარემ იჩქარა.

აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება სატურნირო კუთხით რეალისთვის უმნიშვნელოვანესი იყო - გუნდი ლა ლიგის ცხრილის სათავეში მოექცა და 2 ქულით უსწრებს მეორე პოზიციაზე მყოფ ატლეტიკოს, 5 ტურის შემდეგ ვალენსიას კი 10 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს.

ვალენსია მომდევნო შეხვედრას რამდენიმე დღეში, სევილიას წინააღმდეგ გამართვს. ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩი 22 სექტემბერს, თბილისის დროით 21:30 საათიდან შედგება.

გიორგი და ვალენსია

გიორგი მამარდაშვილის დებიუტი 2021/22 წლების სეზონის ლა ლიგაში 13 აგვისტოს, ხეტაფეს წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ შეხვედრაში, 20 წლის შემდეგ, 20 წლის მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ესპანეთის ლა ლიგაში, ბოლო მატჩი ძირითად შემადგენლობაში გიორგი დემეტრაძემ, 2001 წელს, სოსიედადის შემადგენლობაში ჩაატარა.

მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში გამოჩნდა და ასევე, პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ითამაშა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1982 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ლა ლიგაში შანსი მიეცა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები