19-წლამდე ნაკრების მწვრთნელი: „მეტოქის ფეხბურთელები ტოპ გუნდებში თამაშობენ, მაგრამ მოგება ყველასთან შეიძლება
Aa
Aa

19-წლამდე ნაკრების მწვრთნელი: „მეტოქის ფეხბურთელები ტოპ გუნდებში თამაშობენ, მაგრამ მოგება ყველასთან შეიძლება"

ვასილ მაისურაძის საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 13 ჯგუფით დაკომპლექტდება. ჩვენი გუნდი X ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეობას ნორვეგიას, უელსსა და კოსოვოს გაუწევს. შეხვედრები მიმდინარე წლის 6-12 ოქტომბერს გაიმართება, მატჩების მასპინძელი კი ნორვეგია იქნება.

საკვალიფიკაციო ეტაპამდე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრები გამართა, მათ შორის, 2 შეხვედრა სტუმრად, ტალინში, ესტონეთის წინააღმდეგ, სადაც დრამატულ მატჩში, „ქამბექი" 3 წუთში შემოგვთავაზა.

დღეს, ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში, სპორტი იმედზე, სტუმრად საქართველოს 19-წლამდე და საქართველოს 17-წლამდე ნაკრებების მთავარი მწვრთნელები იმყოფებოდნენ. სხვადასხვა, საინტერესო ამბის გარდა, საუბარი სწორედ აღნიშნული საკვალიფიკაციო ეტაპს შეეხო.

ვასილ მაისურაძე - საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მწვრთნელი

4 ამხანაგური მატჩი უკვე ვითამაშეთ - 3 მოვიგეთ, 1 ფრედ დავასრულეთ. მეტი მატჩის ჩატარება უკეთესი იქნებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მოხერხდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა უელსთან გვაქვს, შემდეგ კოსოვოსთან, შემდეგ კი - ნორვეგიასთან  ველოდებით, რომ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. ჩავდივართ როგორც ერთ-ერთი ფავორიტი.

ნორვეგიას კარგი გუნდი ჰყავს, რთული იქნება, თუმცა ვნახოთ. ამ ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა ტოპ გუნდებში თამაშობენ, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საკითხი ასე დგას - მატჩი მოსაგებია. მწვრთნელზე დამოკიდებული ბევრია. ერთი მატჩის მოგება ყველასთან შეიძლება, შენ თუ სწორად ეთამაშები, შეცდომას ყველა დაუშვებს. მთავარი ბრძოლისუნარიანი და მოტივირებული გარემოს შექმნაა.

მატჩები მიმდინარე წლის 6-12 ოქტომბერს გაიმართება, მატჩების მასპინძელი კი ნორვეგია იქნება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების განრიგი

6 ოქტომბერი | უელსი v საქართველო

9 ოქტომბერი | საქართველო v კოსოვო

12 ოქტომბერი | საქართველო v ნორვეგია

ტურნირის ფორმატის მიხედვით, ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

19-წლამდე ნაკრებების ევროპის 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში, სლოვაკეთში შედგება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები