ლონდონური დერბი - ჩელსიმ ტოტენჰემი დაამარცხა
Aa
Aa

ლონდონური დერბი - ჩელსიმ ტოტენჰემი დაამარცხა

პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. გულშემატკივრებმა ლონდონური დერბი იხილეს. „ტოტენჰემმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. „არისტოკრატებმა“ მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. პირველ ტაიმში გადამწყვეტი უპირატესობა არცერთ გუნდს არ ჰქონია. მომენტები „დეზებსაც“ ჰქონდათ და „არისტოკრატებსაც“ თუმცა ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ტუხელის ბიჭებმა გარდატეხა შეიტანეს. 49-ე წუთზე ტიაგო სილვამ თავური დარტყმით ლორისის კარი აღო და „ჩელსი“ დააწინაურა. სტუმრები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ზუსტად 8 წუთში კანტემ სხვაობა ორამდე გაზარდა. უპირატესობა „ჩელსის“ მხარეს იყო და „ტოტენჰემი“ ბევრს ვერაფერს აკეთებდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანტონიო რუდიგერმა მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ „ტოტენჰემისთვის“ ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო. ნუნუ ესპირიტუ სანტუს გუნდმა პრემიერ ლიგა კარგად დაიწყო. 3-დან 3 გამარჯვება და შემდეგ ჩავარდნა.

სატურნირო ცხრილი და მომავალი ტური

ამ მატჩის შემდეგ, ტუხელის გუნდს 13 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „ლივერპულსაც“, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პირველ პოზიციაზე მერსისაიდული გრანდია. რაც შეეხება „ტოტენჰემს“, „დეზები“ 9 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან.

მომავალ ტურში „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. შეხვედრა 25 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 15:30-დან დაიწყება. „ტოტენჰემი“ კი 26 სექტემბერს „არსენალს“ ესტუმრება. ეს მატჩი კი თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები