Aa
Aa

"ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემას წარმოვადგენთ" - პიოლი იუვენტუსთან მატჩის წინ

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ტურინის „იუვენტუსი“ „მილანს“ უმასპინძლებს. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, „როსონერის“ თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა პიოლიმ?

„ალეგრი დიდი მწვრთნელია. მოხარული ვარ, რომ მის წინააღმდეგ მიწევს თამაში. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მის გუნდს 3 ტურის შემდეგ 1 ქულა ექნებოდა. ტურინელებს დიდი ფეხბურთელები და დიდი ტრადიციები აქვთ. დაბალანსებულ მატჩს ველოდები. ერთმანეთს ძალიან კარგი გუნდები ხვდებიან. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი დონე აშკარად გაიზარდა, თუმცა იტალიაში პირველი შვიდეული ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდროდ არის მიახლოვებული. იუვეზე კარგად უნდა ვითამაშოთ.

სამწუხაროდ, კალაბრია, ჟირუ და იბრა ვერ ითამაშებენ. სამივე მათგანს ტრავმა აღენიშნება. ფოკუსირებული იმ რესურსზე ვართ, რომელიც გაგვაჩნია. ვფიქრობ, დანაკლისის მიუხედავად, მაინც კონკურენტუნარიანები ვიქნებით. ბევრი მაღალი დონის შეხვედრა გვიწევს და ყველა მათგანს მაღალი ინტენსივობით ვთამაშობთ. მომავალ ტურში, წესით ტრავმირებულები დაბრუნდებიან.

პირველი 3 მატჩი მოვიგეთ, რადგან მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავით. მნიშვნელოვანია, რომ იგივე „იუვენტუსთან“ მატჩშიც გავაკეთოთ. ვფიქრობთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ და ამის დამტკიცება ყველა მატჩში გვსურს. მაღალ სისწრაფეზე და ხარისხის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემას წარმოვადგენთ.“

შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსს“ სერია ა-ში 3 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და მე-16 ადგილზე იმყოფება. „ბიანკონერისა“ და „როსონერის“ დაპირისპირება 19 სექტემბრით თარიღდება და 22:45-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები