Aa Aa
15 სექტემბერი 2021  |  14:54

ტორპედოს პირველი გამარჯვება ახალ მფლობელთან ერთად: „თანაშრომლობის კარგი დასაწყისი გვაქვს"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში გორის დილამ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა, შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და კახა ჩხეტიანის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით - 1-2 დასრულდა.

ტორპედო შეხვედრას ორბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა დილამ ერთი ბურთის გაქვითვა ირაკლი ბუღრიძის თერთმეტმეტრიანით, მატჩის მიწურულს, 90+3 წუთზე შეძლო.

აღნიშნული გამარჯვება ახალ გუნდთან ერთად პირველია ქუთაისის ტორპედოს ახალი მფლობელის,  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, დავით კერესელიძისთვის.


დავით კერესელიძის პირველი კომენტარი

ქუთაისის ტორპედოს ყველა გულშემატკივარს ვულოცავ - მეგობრობისა და თანაშრომლობის კარგი დასაწყისი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთი, ბევრად დიდი წარმატება გვექნება.

რა თქმა უნდა, პირველი გამარჯვება სასიხარულოა. მითუმეტეს, როდესაც განცდა გაქვს, რომ ამ გუნდის ნაწილი თავადაც ხარ.

ვულოცავ ყველა გულშემატკივარს, ფეხბურთელს და სამწვრთნელ შტაბს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღეს სხვადასხვა კუთხით ხელი შეუწყო: გადაწყვეტილების მიღებით კლუბი ჩვენ რომ გადმოგვცემოდა და ფეხბურთელებს, რომლებმაც ეს ამბავი ასე ლამაზად აღნიშნეს.

ფოტო: ქუთაისის ტორპედო

ქუთაისის ტორპედოს ახალი მფლობელი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მეორე აუქციონზე ერთადერთი დაინტერესებული მხარე აღმოჩნდა და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. ტორპედოთ დაინტერესებული ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის პრეზიდენტი, აიეტ კუკავაც იყო, თუმცა მეორე აუქციონის წინ ალიანს ჯგუფმა განაცხადა, რომ აუქციონში მონაწილეობას არ გეგმავდა. მეტიც, ქუთაისის ტორპედოს ინტერესებიდან გამომდინარე, პრივატიზების პროცესს საერთოდ გამოერთვებოდა.

აუქციონზე ტორპედოს საწყისი ფასი 567 00 ლარი იყო, თუმცა რამდენიმე კვირის წინ გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი არ შედგა. კლუბი მეორე აუქციონზე გაიყიდა, სადაც მის საწყის ფასს 577 000 ლარი შეადგენდა.  აუქციონის პირობების თანახმად, კომპანია კლუბის ფეხბურთელებს უმოკლეს პერიოდში სრულად აუნაზღაურებს 3 თვის სახელფასო დავალიანებას. კომპანიის წარმომამდგენლების განცხადებით , კლუბში ყველა სახის პრობლემა მოგვარდება და ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი ტორპედოს სამომავლო მიღწევები იქნება.

გუნდის მფლობელები ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც ხელს შეუწყობენ. შეიცვლება კლუბის მართვის სისტემა - გუნდთან დაკავშირებულ ყველა საკითხს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ  ტორპედო 300 000 ლარად 2017 წელს გაიყიდა, რომელიც ზაალ ჩაჩავამ შეიძინა. მოგვიანებით, ვალდებულებები ვერ შეასრულა და ჩაჩავა კლუბიდან ხმაურით წავიდა. ამის შემდეგ ქუთაისურ გუნდში იტალიელი ინვესტორები გამოჩნდნენ, რომელთაც ტორპედო მალევე დატოვეს.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში