ბარსელონა VS ბაიერნი - მატჩის წინ
Aa
Aa

ბარსელონა VS ბაიერნი - მატჩის წინ

საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. გულშემატკივრებს პირველივე ტურში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება ელოდებათ. კატალონიის „ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. Crystalsport ამ მატჩის წინ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან დეტალს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ბაიერნი“

იულიან ნაგელსმანის გუნდმა ბუნდესლიგა კარგად დაიწყო. „რეკორდმაისტერს“ 4 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს. 3 გამარჯვება და 1 ფრე. გერმანიის ჩემპიონატს კი 12 ქულით „ვოლფსბურგი“ ლიდერობს.

უკანასკნელ ტურში, „ბაიერნი“ ერთ-ერთ მთავარ კონურენტს „ლაიპციგს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან გოლები ლევანდოვსკიმ, მუსიალამ, ჩუპო-მოტინგმა და სანემ გაიტანეს. მასპინძელთა მხრიდან კი თავი ლაიმერმა გამოიჩინა.

დანაკლისი

ჩემპიონთა ლიგის 6-გზის გამარჯვებულს „ბარსელონასთან“ კორენტინ ტოლისო არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სერჟ გნაბრის თამაში, რომელმაც დაზიანება ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში „ლაიპციგის“ წინააღმდეგ მიიღო. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.

რა თქვა ნაგელსმანმა მატჩის წინ?

„ლევანდოვსკი ჩვენთან ერთად იქნება. გნაბრიზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. მის შესახებ ცნობებს ხვალ შევიტყობთ. მხოლოდ ტოლისო ვერ გამოფრინდა კატალონიაში. სანაკრებო პაუზიდან რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული დაბრუნდა. ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გამოცდილება არ მაქვს. ვიმედოვნებ, რომ თავს კარგად გავართმევ. გამარჯვება და კარგად დაწყება გვსურს. პრესაში ფავორიტებად შეგვრაცხეს, თუმცა ყველას სურს, რომ კარგად ითამაშოს. ერთმანეთს ორი დიდებული გუნდი ხვდება. ვფიქრობ, ბევრ რამეს მოტივაცია გადაწყვეტს. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ.

ასეთ მატჩში ყოველთვის უნდა გვქონდეს სხვა ალტერნატივა. ეს დამოკიდებულია სად ითამაშებს ბუსკეტსი. „ბარსელონა“ ვერაფრით გაგვაკვირვებს. კატალონიელები განსხვავებულად ითამაშებენ. მესისთან ერთად ბარსა სულ სხვა გუნდი იყო. ბურთის ფლობაზე მეტ აქცენტს აკეთებდნენ და გამუდმებით ლეოს ეძებდნენ. კუმანს ლუკ დე იონგი და მემფის დეპაი ჰყავს. არ ვფიქრობ, რომ „ბარსელონა“ მესის წასვლის შემდეგ ცუდი გუნდი გახდა. ორივე გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა. ხვალ არაფერი წყდება. ჩვენი პრიორიტეტი კარგი თამაშია. კუმანის გუნდი ზუსტად იმ ხარისხის ფეხბურთს ითამაშებს, როგორსაც მესისთან ერთად თამაშობდა.“

„ბარსელონა“

მას შემდეგ, რაც „ბლაუგრანა“ მესიმ დატოვა, კატალონიურ გრანდს შეიძლება ითქვას, რომ შეტევაში კრეატიულობა მნიშვნელოვნად შეუმცირდა. კუმანის გუნდი თამაშებს გაჭირვებით იგებს.

ლა ლიგაში ბარსამ 3 შეხვედრა გამართა(ერთით ნაკლები სხვა გუნდებზე). 2 მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა. უკანასკნელად კატალონიელები საკუთარ კედლებში „ხეტაფეს“ დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს. მასპინძელთა მხრიდან თავი დეპაიმ და სერხი რობერტომ გამოიჩინეს. სტუმართა მხრიდან კი ერთადერთი გოლი სანდრო რამირესის ანგარიშზეა.

ამ მომენტისთვის „ბარსელონას“ 7 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ მათ 1 თამაში რეზერვში აქვთ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ბარსას და „სევილიას“ გადადებული მატჩი.

დანაკლისი

ამ მხრივ კატალონიურ გრანდში დიდი პრობლემაა. გუნდს ერთბაშად რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი არ ჰყავს. საქმე ოსმან დემბელეს, სერხიო აგუეროს, სერხი რობერტოს და მარტინ ბრაითვაიტს ეხება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ანსუ ფატის და სერჟინიო დესტის თამაშიც. მოცემული სიტუაციიდან, კუმანს შეტევაში მხოლოდ მემფის დეპაი და ლუუკ დე იონგი ჰყაავს.

რა თქვა კუმანმა მატჩის წინ?

„სისტემაზე უფრო და ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თამაშის დაცვაა. ჩვენს ნახევარს ბურთი არ უნდა დავკარგოთ, რადგან ამან შეიძლება დიდი ზიანი მოგვაყენოს. ჩემი ფეხბურთელები ბურთთან ერთად გაცილებით სწრაფები არიან.

ვფიქრობ, ფიზიკურად ძალიან კარგად ვართ მზად. ის ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში იყვნენ გამოძახებულები დავასვენე და ახლა სათამაშოდ მზად არიან. ჩემპიონობაზე და ფავორიტობაზე საუბარი ადრეა, თუმცა მაგალითისთვის ჩელსი შესანიშნავი ვარიანტია. ისინი ფავორიტები არ იყვნენ, მაგრამ ჩემპიონები გახდნენ.

„ბაიერნი“ დიდებული გუნდია, რომელსაც დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. წინ რთული თამაში გველოდება, თუმცა სახლში ვთამაშობთ და კარგი შედეგის დაფიქსირებას ვეცდებით.“

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება

„ბარსელონას“ და „ბაიერნის“ უკანასკნელი დაპირისპირება 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე გაიმართა და „რეკორდმაისტერმა“ „ბლაუგრანა“ 8:2 გაანადგურა. ამ მატჩს კი კიკე სეტიენის პოსტი შეეწირა. ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი კი 14 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები